საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საარჩევნო კანონმდებლობის ნორმები, რომლითაც საინიციატივო ჯგუფებს მერის/გამგებლის არჩევნებსა და რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატთა წარდგენის უფლება ეზღუდებათ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა სალომე ქინქლაძის, ნინო კვეტენაძის, ნინო ოდიშარიას, დაჩი ჯანელიძის, თამარ ხითარიშვილისა და სალომე სებისკვერაძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №588) და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები “პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 169/2 მუხლის მე-4 პუნქტი.
მათივე განმარტებით, სადავო ნორმები განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის არჩევნებში, აგრეთვე რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატთა წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს და ამ წრიდან გამორიცხავს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რასაც მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.
”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც კანონმდებელი კონსტიტუციიდან მომდინარე ვალდებულების ფარგლებში ხალხის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადგენს პირდაპირ, საყოველთაო არჩევნებს, ეს არჩევნები წარმოადგენს კონსტიტუციით მოაზრებული საარჩევნო სისტემის ნაწილს და ექცევა კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ სფეროში.
სასამართლოს გადაწყვეტლების მიხედვით, მერები და გამგებლები, როგორც აღმასრულებელი ორგანოები ახორციელებენ საჯარო უფლებამოსილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. შესაბამისად, ეს თანამდებობა წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის, ხოლო სადავო ნორმებით დადგენილი წესი ქმნის ბარიერს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელმაც სადავო შეზღუდვათა მიზნად დაასახელა პოლიტიკური გაერთიანებების გაძლიერება, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების წარმომადგენლობით ორგანოებსა (საკრებულოები) და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მერებს/გამგებლებს შორის არაეფექტური კოორდინაციის შესაძლებლობა და ამ პირთა მხრიდან მომდინარე სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნა.
"საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სახელმწიფო მმართველობის პოლიტიკური სისტემა, არა თუ გამორიცხავს და უარყოფს პლურალიზმს, არამედ - ეფუძნება მას. ამასთან, დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი შეხედულება გახდეს ამა თუ იმ პირისა თუ პირთა ჯგუფისთვის სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობისთვის უარის თქმის საფუძველი.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და ცენტრალური ხელისუფლების ეფექტურ კონტროლს მერების/გამგებლების საქმიანობაზე, რაც უზრუნველყოფს სეცესიის პრევენციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გაუმართლებლად იზღუდება მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისთვის მერის/გამგებლის არჩევნებსა და რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატთა წარდგენის უფლება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლებას (28-ე მუხლი) და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას (29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).
საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლითა და 29-ე მუხლით დაცული სფეროების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.