ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. ამჯერად დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან გამართეს. რეზერვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვაში მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები.
კანონმდებლებს კონცეფციის პროექტის შესახებ პრეზენტაცია გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესშია და მისი სტრუქტურა საფრთხეებიდან გამომდინარე შესაძლოა შეიცვალოს. პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის მიზანზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სისტემა მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების რეზერვით უზრუნველყოფასა და გაძლიერებას.
კონცეფციის პროექტის ავტორმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს რეზერვის ყოველწლიური საწვრთნელი ციკლის შესაძლო სქემა და რეზერვის ანაზღაურების დაანგარიშების პრინციპიც წარუდგინა. პოლკოვნიკმა ჩუბინიძემ ასევე დეტალურად ისაუბრა რეზერვის სამ კატეგორიაზე - არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვის შესახებ.
კონცეფციის სამუშაო ვერსია რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებითაა შემუშავებულია; ის სრულიად აუთენტურია; თუმცა, მოიცავს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC) გამოცდილებას. კონცეფციის სამუშაო ვერსიის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია არსებული ნორმატიული ბაზის გადახედვა და განახლება.
„თვენახევარზე მეტია, რაც დისკუსიები დაწყებული გვაქვს. ახლა შუალედური პროდუქტის მდგომარეობაში ვართ და ამიტომ, წარვუდგინეთ ის დეპუტატებს. მაისის ბოლოსთვის ვგეგმავთ, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ძალიან ბევრი კონსულტაციის შედეგად შეთანხმებული ვარიანტი უკვე სრულფასოვნად წარვუდგინოთ საზოგადოებას. იმედი მაქვს, რომ საერთო კონსენსუსი შედგება. მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე ერთგვაროვანი დამოკიდებულებები ჩამოყალიბდება იმიტომ, რომ სხვანაირად საზოგადოებისგან შეუძლებელია იმ ტიპის ენთუზიაზმის, მხარდაჭერის მიღება, რაც ამ პროცესს სჭირდება. რეზერვი - ეს არის ჯარი და საზოგადოება ერთად. თუ ეს თანხვედრა არ შედგა, მაშინ ვერცერთი პროექტი, რაოდენ დიდებული კონცეფციებიც არ უნდა დავწეროთ ჩვენ, წარმატებული ვერ იქნება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ, ეს თანხმობა და ერთობა შედგეს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა კანონმდებლებთან კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვის შემდეგ.
მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის გაცნობისა და დისკუსიის შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაათვალიერეს და მის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს.
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა კონცეფციის პირველადი პროექტი ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ორჯერ უკვე განიხილეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე გეგმავს კონცეფციის პროექტის პრეზენტაციასა და შეხვედრებს ვეტერანებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, ბიზნესასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.