ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა რუმინელ კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან ორმხრივი შეხვედრით დაიწყო.
შეხვედრის დასაწყისში თინათინ ხიდაშელმა კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე განხილული საკითხებიდან დიდი ყურადღება ნატო-საქართველოს თანამშრომლობას დაეთმო. ყურადღება ასევე, გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე.
თინათინ ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე მოკავშირეები დეკემბერში გამართულ ნატო-ს საგარეო მინისტერიალზე მიღებული ღია კარის პოლიტიკის ერთგული დარჩებიან და საქართველოსთან მჭიდროდ ითანამშრომლობენ.
ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ რუმინეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
„საქართველო შავი ზღვის რეგიონში რუმინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ნატო-სა და ევროკავშირისთვის. რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ორმხრივი ურთიერთობები. თავდაცვის სფეროში ახალი შესაძლებლობები დავსახეთ. განსაკუთრებით ვგეგმავთ თანამშრომლობის გაფართოებას სამხედრო განათლების სფეროში, თავდაცვით დაზვერვაში, რასაც დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს“, - განაცხადა მიჰეა მოტოჩმა.
მისივე თქმით, რუმინეთი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია.
„უკვე სამი წელია, რაც რუმინეთის საელჩო თბილისში სამეკავშირეო როლს ასრულებს ალიანსსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, ამავე დროს, მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს. დიდად ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში, როგორიცაა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია და სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვა“, - განაცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა.
დღესვე რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2016 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.