საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარის - „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ ფარგლებში პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ნატოს სამეკავშირეო ოფისში საჯარო ლექცია წაიკითხა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე თბილისისა და რეგიონების პედაგოგებს საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობისა და გლობალური უსაფრთხოების დამყარების საქმეში ქართველების კონტრიბუციაზე ესაუბრა. პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ პედაგოგებს ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო მისიებიდან მიღებულ გამოცდილებაზეც მიაწოდა.
ლექციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე. მოგვიანებით, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი ნატოს კვირეულის ფარგლებში, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება. სემინარში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მცხოვრები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი პედაგოგები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია, მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობის პროცესში საქართველოს როლის შესახებ.