საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აფხაზეთიდან დევნილ მაიორ გიგა ავალიანის ოჯახს ესტუმრნენ. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი მაიორის 6-სულიან ოჯახს 20 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი დაუფარა. თავდაცვის მინისტრი მაიორის ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მის მცირეწლოვან შვილებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
მაიორი გიგა ავალიანი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 52-ე ბატალიონის მეთაურის რანგში მსახურობს. მას მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ავალიანების ოჯახმა რამდენიმე წლის წინ თბილისში, გორის ქუჩაზე ოროთახიანი ბინა იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძინა.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიგა ავალიანი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოფიცერი. სამი დღის წინ გავაცილეთ ის და მისი ბატალიონი ავღანეთში. გიგა ავალიანის წარმატებების აღსანიშნავად მცირე ფილმიც კი მოვამზადეთ თავდაცვის სამინისტროში. სწორედ, ასეთი უნდა იყოს ქართული ჯარის მომავალი, ამგვარ ოფიცრებს უნდა ეყრდნობოდეს ქართული შეიარაღებული ძალები“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
33 წლის მაიორი გიგა ავალიანი 17 წელია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. სამხედრო კარიერის განმავლობაში მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული: გენერალ მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უწყებრივი მედლები და მედალი ლომგული. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი ISAF-ის მისიაში გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის გადაეცა. გიგა ავალიანი 9 წლის იყო, როდესაც აფხაზეთი დატოვა, როგორც თავად ამბობს, სწორედ, ამ ფაქტმა განაპირობა მისი არჩევანი, ემსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.