ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) პირველი სამხედრო სწავლება დაიწყო. სწავლების გახსნის ცერემონიალს ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტი, ზურგის ადმირალი ლუიზ დედიქენი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ. სწავლება 4-დან 14 აპრილამდე, ვაზიანში ჩატარდება. ღონისძიება ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრისა და ნორვეგიის თავდაცვის საერთაშორისო ცენტრის მიერ ხორციელდება.
ნატოს ლოგისტიკის 10-დღიანი კურსი საქართველოში პირველად ტარდება და მასში 15 ქართველი და 8 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. წვრთნები ლოგისტიკის დოქტრინებისა და კრიზისებზე რეაგირების ოპერაციებში ლოგისტიკის დაგეგმვის პროცედურების შესწავლას გულისხმობს.
სწავლების მიზანი ნატოსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თავსებადობის ზრდაა. კურსი ასევე შეუწყობს ხელს უკრაინასა და საქართველოში ლოგისტიკის სწავლების შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
ნატოს ლოგისტიკური კურსი ალიანსის მხრიდან რეგიონის უსაფრთხოების მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა. იგი ხელს უწყობს საქართველოს მისწრაფებებს რეგიონული პარტნიორობის გასაღრმავებლად და საქართველოსთან, როგორც ნატოს სამშვიდობო მისიების მნიშვნელოვან მონაწილე ქვეყანასთან, ნატოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებს.
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ინაუგურაცია 2015 წლის აგვისტოში შედგა. ცენტრი 2014 წლის უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 13 მიმართულებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მისი მიზანი თავდაცვის სფეროს შემდგომი განვითარება და აღმშენებლობაა.