საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილები ესტუმრნენ. ვეტერანების შვილებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ბრიგადის ხელმძღვანელობამ საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ სტუმრებს IV მექანიზირებული ბრიგადის დაარსების ისტორიისა და მისი ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მოზარდებმა ბრიგადის საქმიანობის ამსახველი ვიდეოკოლაჟიც იხილეს.
უწყების ინფორმაციით, ჯარისკაცები მოზარდებს სამხედრო ცხოვრების წესისა და დისციპლინის შესახებ ესაუბრნენ, ასევე, გააცნეს ინფორმაცია საერთაშორისო მშვიდობის დამყარების საქმეში ქართველი სამხედროების წვლილის შესახებ. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ბავშვებმა ჯარისკაცების საცხოვრებელი ყაზარმები, სპორტული და სასწავლო დარბაზები დაათვალიერეს. სპეციალურად მათთვის ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.
ღონისძიების დასასრულს პატარებმა სპორტულ დარბაზში ჯარისკაცებს საჩვენებელი სპარინგი მოუწყვეს და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
IV მექანიზირებული ბრიგადის სტუმრები კარატეში წარმატებული სპორტსმენები, საქველმოქმედო ფონდ „მეოხთან“ არსებული კლუბ „მეოხის“ წევრები არიან. ღონისძიება ააიპ „შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის“, „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა“ და გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.