გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი, პოლკოვნიკი მარტინ ჰერემი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ სტუმარს სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ უმასპინძლა. მან ესტონელ სტუმარს ცენტრის საქმიანობა, არსებული კურსები და საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო, მოგვიანებით კი ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
პოლკოვნიკი მარტინ ჰერემი უშუალოდ დაესწრო სერჟანტთა მომზადების ცენტრში მიმდინარე სასწავლო პროცესს. მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის სამხედრო განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლკოვნიკი მარტინ ჰერემი კიბერუსაფრთხოების ბიუროშიც იმყოფებოდა.