საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვან საქართველოს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელი მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ მოაწერა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სხვადასხვა სახის, მათ შორის შემეცნებით და კულტურულ პროექტებში ითანამშრომლებენ. „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებს ასევე ექნებათ საშუალება, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის პრინციპის შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობებზე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსებს ექსპერტის სტატუსით დააკვირდნენ.
„სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია შეიარაღებულ ძალებში. „მრავალეროვანი საქართველო“ დიდი და ძლიერი ტრადიციების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციაა და ბევრი კარგი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში. ვაფასებთ ორგანიზაციის სურვილს, ამოგვიდგეს მხარში და დაგვეხმაროს ეროვნული უმცირესობების სულ უფრო მეტი წარმომადგენლისთვის ხმის მიწვდენაში იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს თავდაცვის სამინისტრო და როგორ შეიძლება შეიტანონ მათ საკუთარი წვლილი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში“,- განაცხადა ანა დოლიძემ.