პარლამენტში, დახურულ შეხვედრაზე, 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებებზე იმსჯელეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პროკურატურის წარმომადგენლები და რამდენიმე დეპუტატი. საუბრის მთავარი თემა იყო 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულზე დამდგარი განაჩენის გადახედვის მექანიზმის შემუშავება.
„პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი განიხილავს იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლის ფარგლებშიც ცალკეული საჯარო მოხელეების 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში სამართალწარმოების პროცესში ჩადიოდნენ დანაშაულს და ხდებოდა ქონების ჩამორთმევა, ცემა-წამება და სხვა სამართალდარღვევები, რომელთა საფუძველზეც უკანონო მსჯავრდებასაც ჰქონდა ადგილი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, რომელიც განიხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბებას,“ - განმარტა მთავარი პროკურატურის სამართალწარმოებისას ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოკა კაციტაძემ.
გამორიცხული არ არის, რომ შემუშავდეს საკანონმდებლო პაკეტი და რამდენიმე კანონში შევიდეს ცვლილება.