საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს.
„ჩვენ ვართ იმ ადამიანების სკოლაში, რომლებზეც ბრძოლის და სირთულეების მთავარი ტვირთი გადადის. თქვენ იმ ტრადიციების გამგრძელებლები ხართ, რომლითაც დღემდე მოვიდა ჩვენი სამშობლო. თქვენი წინაპრების და თქვენნაირი ადამიანების მეშვეობით შევძელით ძალიან მცირე ერმა შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა. დღეს ეს ტვირთი, ურთულეს ვითარებაში და ურთულეს გარემოში შეუნარჩუნო შენს სამშობლოს მომავალი და გააძლიერო ის, გადმოსულია თქვენზე. თქვენი მუშაობით და მოწოდებით ჩვენს ოჯახებს მშვიდად ძინავთ. თქვენი ყოველდღიური გმირობის შედეგად ურთულეს ვითარებაში ვახერხებთ დავრჩეთ თავისუფალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყნად. ნიშანდლობლივია, რომ თქვენი სასწავლებლის სახელი საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელს უკავშირდება. ადამიანის, რომელმაც თავისი სიმამაცით სიკვდილი დაამარცხა. ის მუდმივად იცოცხლებს ჩვენს გულებში. მთელი საქართველოს მოსახლეობის სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სამსახურისთვის. იმედი მაქვს, თქვენი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენი სამშობლო კიდევ უფრო გაძლიერდება, გამთლიანდება და ყველაფერი ეს მოხდება მშვიდობიანად,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დღესვე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ახალი მეთაური წარადგინეს. ვიცე-პოლკოვნიკ რომან ქავთარაძეს სასწავლებლის საბრძოლო დროშა ცენტრის ყოფილმა მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ გადააბარა.
„გულწრფელად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყოფილ ხელმძღვანელს. ის ერთ-ერთი საუკეთესო მეთაური იყო. ლაშა დავითაძე პრესტიჟულ უნივერსიტეტში მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად და კიდევ უფრო მეტი ცოდნით დაუბრუნდება შეიარაღებულ ძალებს და ქვეყანას. მინდა მივესალმო ახალ მეთაურს. იმედი მაქვს ის ისეთივე წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას როგორც ამას, მისი წინამორბედი ახერხებდა. სერჟანტთა სკოლას ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. დაგეგმილია უფრო მეტი რაოდენობის კურსანტების გამოშვება და სწორედ ამ მიზნით საკლასო სივრცის გასაფართოებლად დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. განათლება თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ სკოლაში მიმდინარე სამუშაოები ამას კიდევ ერთხელ ამკიცებს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
სერჟანტთა მომზადების ცენტრში ასევე გაიმართა სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო დისტანციური კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა გადასცეს.
სასწავლო კურსი 2015 წლის 28 სექტემბერს დაიწყო და 27 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებში მოსამსახურე სერჟანტებმა სრული სპექტრის ოპერაციები (თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, სტაბილურობის ოპერაციები და სამოქალაქო მხარდაჭერის ოპერაციები), ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საბრძოლო მომზადების ორგანიზება, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესები, ლოგისტიკა და პერსონალის მართვა შეისწავლეს.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.