სამხედრო ინსტრუქტორებმა „შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის“ კურსი დაასრულეს. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 2016 წლის თანამშრომლობის სამუშაო გეგმის ფარგლებში ჩატარდა. სასწავლო კურსს უშიშროებისა და სამხედრო ძალებთან მუშაობის დარგში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული ექსპერტი სამხრეთ კავკასიაში გია თორაძე უძღვებოდა.
„შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის“ საფუძვლები გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის იმ ოფიცრებმა შეისწავლეს, რომლებიც საბრძოლო და სამშვიდობო ოპერაციების დაგეგმარების პროცესში არიან ჩართულები. მოგვიანებით, კურსდამთავრებულები მსგავს ტრენინგებს სამხედრო ქვედანაყოფებში ჩაატარებენ.
უწყების ინფორმაციით, ხუთი დღის განმავლობაში სამხედრო ინსტრუქტორებმა სამოქალაქო მოსახლეობასთან მოქცევის, სამხედრო ტყვეებთან დამოკიდებულების და ბრძოლის დროს იარაღის გამოყენების წესების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რეკომენდაციები მოისმინეს. ყურადღება გამახვილდა ასევე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მუშაობის პრინციპზე და საომარი მოქმედებების რაიონში დაშვების საკითხზე.
თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, მსგავსი ტიპის კურსები სამხედრო ინსტრუქტორებისთვის რეგულარულად ტარდება.