თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები, ამჯერად, მუხროვანის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ. ია სულაბერიძემ, ბაღათერ არაბულმა, ზაზა ბიბილაშვილმა, ეკატერინე ტოგონიძემ, ტორესა მოსიმ, ეკა კვიციანმა, შარლოტა კვანტალიანმა,თეონა დოლენჯაშვილმა და ედუარდ უგულავამ სამხედროებს საკუთარი შემოქმედება პირადად გააცნეს. ასევე, შესთავაზეს ჟურნალ „ცისკრის“ პროექტში ჩართვა და მათ მიერ დაწერილი ლექსების ჟურნალში გამოქვეყნება. სტუმრებმა შეხვედრის დასასრულს სამხედრო ბაზას საჩუქრად წიგნები გადასცეს.
თანამედროვე მწერლები და პოეტები სამხედრო ბაზას პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ეწვივნენ. აღნიშნული პროექტი კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის 2015 წლის ნოემბერში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. თანამედროვე ქართველი მწერლები ჯარისკაცებს, პროექტის ფარგლებში, პირველად გასული წლის 7 ნოემბერს, კოჯრის სერჟანტთა მომზადების ცენტრში შეხვდნენ, მას შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება.