„საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოს წევრობასა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის. ამიტომ კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ანალიტიკური საბჭოს მთავარი სპეციალისტი არიელ კოენი. ამერიკელი ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების მიერ კიდევ ერთ მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობას ეხმაურება.
„როდესაც აშშ და მისი მთავარი საკანონმდებლო ორგანო აყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ეს ნიშნავს, რომ ის სირიასთან, უკრაინასთან და სანქციებთან ერთად რუსეთთან ურთიერთობაში დღის წესრიგის ნაწილია. ევროპელები დღეს უძლურები არიან. მათ ბევრი შიდა პრობლემა აქვთ, აშშ კი მთავარი დასავლური ძალაა, რომელიც წარმართავს ევროატლანტიკური საზოგადოების საგარეო პოლიტიკას. რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს მოახლოებული სამიტის წინ. საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოს წევრობასა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის. ამიტომ კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია“.