დაბა გუდაურში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო. სწავლებას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებიან. საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30 მოსამსახურე გადის.
მსმენელები მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან, მათ შორისაა სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშგადაადგილება და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა.
კრიტიკულ სიტუაციაში ჯგუფის მართვის უნარ-ჩვევების შესასწავლად კურსის მონაწილეებისთვის დაგეგმილია ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-აღმოჩენისა და საკაცის გამოყენებით მისი ევაკუაციის განხორციელების ამოცანების შესწავლა. ასევე, მთიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლ ,,იგლუში“ ღამის გატარება.
სამთო მომზადების ბოლოს მონაწილეებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ გადაეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე.