საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, ახალგაზრდა ლიდერებთან და სტუდენტებთან რეგულარულ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა თემაზე -„კიბერსივრცის მნიშვნელობა და საფრთხეები - რა გამოწვევების წინაშე შესაძლოა დადგეს კიბერსამყარო“. ლექცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრიას გოცირიძემ წაიკითხა. იგი სტუდენტებს კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, კიბერსივრცის ზოგად მახასიათებლებსა და კიბერთავდაცვის სფეროში თანამედროვე ტენდენციებზე ესაუბრა.
მოგვიანებით, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ანდრია გოცირიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლებას არა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, ზოგადად, საზოგადოებაში ითვალისწინებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწყების პრიორიტეტებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ ლექციების სერიას ქვეყნის მასშტაბით არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებენ.