საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ანა დოლიძესთან ერთად ქუთაისში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაათვალიერა.
გიორგი აბაშიშვილი სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სამხედრო-ფიზიკური მომზადების ცენტრი დაათვალიერა.
როგორც კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრისას განაცხადა, ლიცეუმში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომლითაც მოსწავლეები თავისუფალ დროს სარგებლობენ, თუმცა წიგნების ფონდს შევსება ესაჭიროება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ლიცეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად მხატვრულ და სამეცნიერო სახის ლიტერატურას გადასცემს.
„ ეს არის შესანიშნავი საჯარო სკოლა, რომელიც კონკურენციას უწევს ნებისმიერ საჯარო თუ კერძო სასწავლებელს საქართველოში. აქ მოსწავლეებისათვის შექმნილია საუკეთესო სასწავლო და საცხოვრებელი პირობები, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ სასწავლებლის განვითარებაში“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.