საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელშეწყობით თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ვიზიტით აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების მაიორი, ლიცენზირებული ფსიქოლოგი ჯოელ ფოსტერი და მაიორი, კლინიკური ფსიქოლოგი დევიდ თუბმენი ეწვივნენ.
შეხვედრებზე ყურადღება ფსიქოლოგიური დახმარების საკითხების მენეჯმენტსა და შემდგომი განვითარების სტრატეგიას დაეთმო. ვიზიტის ფარგლებში ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგისდეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ერთკვირიანი საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა.
სემინარის ძირითადი თემები თვითმკვლელობის საფრთხის შეფასება და მართვა, საჰაერო ძალებში სუიციდის პრევენცია, მდგრადობა და პრევენციული ზომების გატარება, პირად შემადგენლობასა და ოჯახზე ზრუნვა, ასევე, საჰაერო ძალების წევრთა ყოვლისმომცველი მომზადება იყო.
ამერიკული მხარის ინიციატივით სამხედრო ფსიქოლოგიის სფეროში ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განხორციელების საკითხების განხილვაც შედგა.
დღეს ტრენინგ-სემინარის მონაწილეებს კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. სემინარის ინსტრუქტორებმა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლებმა კი, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სიხარულიძისგან მადლობის სერტიფიკატები მიიღეს. დეპარტამენტის უფროსმა მსგავსი შეხვედრებისა და სემინარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.