საქართველო ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სასწავლო და საგანმანათლებლო ცენტრების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენის ფარგლებში სხვადასხვა სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეებს საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. მათთან გასაუბრებისა და საინფორმაციო ბუკლეტების გაცნობის შემდეგ კი, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის სასარგებლო და საინტერესო ღონისძიებები საჭიროების მიხედვით განსაზღვრონ.
გამოფენაში საქართველოდან საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მონაწილეობს. სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორის, უფროს სერჟანტ ალექსანდრე კერესელიძის განცხადებით, გამოფენიდან პოზიტიურ შედეგებს ელოდებიან.
„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან მასში სხვადასხვა ქვეყნის, როგორც ნატოს, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჩვენ ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები და საუბრები გვქონდა, რომლებიც დღის ბოლომდე გაგრძელდება და ვფიქრობ, ეს დღე ნაყოფიერი იქნება“,- განაცხადა უფროსმა სერჟანტმა.
ღონისძიებაზე გერმანიაში, ობერამერგაუში მდებარე ნატოს სკოლაც არის წარმოდგენილი. „ჩვენ ყოველწლიურად 10 000 სტუდენტი გვყავს და მათი დაახლოებით 12% პარტნიორი ქვეყნებიდანაა. ისინი ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. გვინდა ვაჩვენოთ პარტნიორ ქვეყნებს, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია და ასევე გავარკვიოთ, თუ რა კურსებზე შეიძლება იყოს მოთხოვნა მომავალ წელს. ჩვენი მიზანია, პარტნიორ ქვეყნებს და ასევე აქ მყოფ ნატოელ კოლეგებს ჩვენი სკოლის სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები და შესაძლებლობა მაქვს ჩვენს მომხმარებლებს სწავლისთვის კარგი შესაძლებლობები შევთავაზო“,- განაცხადა ნატოს სკოლის წარმომადგენელმა ბოიდ ფორბსმა.
ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა 15 მარტს გაიხსნა და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები არსებული სამხედრო თანამშრომლობის მექანიზმების, მათი გაუმჯობესების საჭიროებებისა და პერსპექტივების შესახებ მსჯელობენ. მრავალეროვნული ღონისძიება ნატოს სამხედრო პარტნიორობის დირექტორატის ორგანიზებით ტარდება.