საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. „ლიდერობა საჯარო სფეროში“ - ასე ერქვა ლექციას, რომლის ფარგლებშიც ანა დოლიძე სტუდენტებს ლიდერობისთვის აუცილებელ თვისებებზე ესაუბრა და, სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი, განვითარებად სახელმწიფოებში ლიდერის, პიროვნების როლზე გაამახვილა ყურადღება.
„დღევანდელი ლექციის თემა ლიდერობაა. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა არის ადგილი, სადაც იზრდებიან და გაიზრდებიან ჩვენი სახელმწიფოს მომავალი ლიდერები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაწარმოოთ საზოგადოებრივი დიალოგი, რა არის ლიდერობა, როგორია ადამიანი, რომელიც არის ლიდერი, რა უნარ-ჩვევებს ვანვითარებთ ახალგაზრდებში იმისათვის, რომ ისინი გახდნენ ლიდერები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრას კავკასიის სამართლის სკოლის პრეზიდენტი კახა შენგელია და დეკანი ზაზა მარუაშვილი დაესწრნენ. მათ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და მსგავსი ლექციების მნიშვნელობასა და ანა დოლიძის გამოცდილებაზე ისაუბრეს. შეხვედრა კავკასიის სამართლის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.