ეროვნული თავდაცვის სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის არსებობა. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე მუშაობს.
დღეს, კონცეფციის პროექტის განსახილველად ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დავით ებრალიძე და ანა დოლიძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბნენ. J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ მოწვეულ სტუმრებს კონცეფციის სამუშაო ვერსია გააცნო.
კონცეფციის პროექტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მთავარი ამოცანა ომის, კრიზისებისა და მშვიდობიანობის დროს ძირითადი ძალების მხარდაჭერაა. სამუშაო ვერსიაში ასევე გაწერილია რეზერვის სამი კატეგორია - არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი.
კონცეფციის სამუშაო ვერსია მოიცავს დაგეგმვისა და მართვის მოქნილ, სპეციფიკურ მექანიზმებს; შემუშავებულია რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებით; სრულიად აუთენტურია; თუმცა, მოიცავს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC) გამოცდილებას.
ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მათ საშუალება აქვთ ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გაიმართება კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტრო კონცეფციის უკვე შეჯერებულ ვარიანტს წარადგენს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე გეგმავს კონცეფციის პროექტის პრეზენტაციასა და შეხვედრებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან, ვეტერანებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, ბიზნესასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.