ნატოს პროგრამის - "პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PfP) ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. დახურვის საზეიმო ცერემონიალი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.
ცერემონიალის დასასრულს სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღეს.
საჩხერის სკოლის ინსტრუქტორებმა და ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი კლასი. მომზადდა საერთაშორისო მსმენელებისგან შემდგარი კურსი, რომელზეც წარმოდგენილნი იყვნენ როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის წარმომადგენლები. სასიხარულოა, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურემ მშვიდობით და წარმატებით დაასრულა კურსი. რაც მთავარია, მათ შეიძინეს ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც სამხედრო საქმიანობაში გამოადგებათ", - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ზამთრის საბაზისო კურსი 21 თებერვალს დაიწყო და სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. სწავლება NATO-ს პროგრამის - "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფარგლებში (PFP) განხორციელდა. ბაკურიანში გამართულ სამთო სწავლებაში თურქეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 28 სამხედრო ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს დაეუფლა. მათ შორის სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშ-გადაადგილება და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა. სამხედროებმა ასევე შეისწავლეს თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანა.