საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელი, კაპიტანი კობა მერმანიშვილი და სერჟანტი დავით ჯანეზაშვილი დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო მუსიკალურ სკოლაში უელსის პრინცის დივიზიონის ბენდთან ერთად რეპეტიციას გადიან.
უწყების ინფორმაციით, 12 მარტს დაგეგმილ კონცერტამდე დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის წევრები ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორ-მუსიკოსების სპეციალურ მასტერკლასებს ესწრებიან, რომლის მიზანი ორკესტრის მართვისა და ხარისხის გაუმჯობესებაა.
ქართული და ბრიტანული სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრების წარმომადგენელთა მონაწილეობით დიდ ბრიტანეთში კონცერტები და მასტერკლასები 5 დღის განმავლობაში გაიმართება, შესრულდება სხვადასხვა კომპოზიციები. გალა კონცერტი კი, 12 მარტს, კრიკჰოუველის საკონცერტო დარბაზში შედგება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის წევრების ვიზიტი გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიწვევის საფუძველზე ხორციელდება.
ბრიტანეთის არმიის ბენდი "სალამანკა" საქართველოს 2015 წლის სექტემბერში ესტუმრა და კონცერტები თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში გამართა. „სალამანკას“ თბილისის კონცერტში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრიც მონაწილეობდა. სწორედ, ამ კონცერტმა ჩაუყარა საფუძველი ორ ორკესტრს შორის მეგობრობას. დიდ ბრიტანეთში ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის წარმომადგენელთა ვიზიტი ამ მეგობრობის გაგრძელებაა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ზეიმისთვის საქართველო დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ სტუმრებს კვლავ უმასპინძლებს. ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი ქართველ კოლეგებს პირველი სამხედრო-საჩვენებელი მარშის მოწყობაში დაეხმარება.