საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი რეკრუტების მიღებას იწყებს. 14 მარტიდან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) იმ ახალგაზრდებისთვის დაიწყება, რომელთაც სურვილი გამოთქვეს, იმსახურონ საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურში.
ვითარების ადგილზე გასაცნობად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ესტუმრა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ინსტრუქტორებს გაესაუბრა და კურსის შესახებ მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ინსტრუქტორებთან შეხვედრის შემდეგ გენერალური შტაბის უფროსმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
„ვიწყებთ საბაზისო მომზადებას. შევამოწმეთ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის განლაგება და მდებარეობა. პირადად ვნახე, რა მდგომარეობაა ადგილზე და რამდენად მზად არის ინფრასტრუქტურა რეკრუტების მისაღებად, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. შევხვდი ინსტრუქტორებს და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ინსტრუქტორები საუკეთესოები არიან და ისინი მთელი შეიარაღებული ძალებიდან შეირჩნენ. ხელმძღვანელობა ძალიან მოტივირებულია და აქვთ რეალობას დაფუძნებული ამბიციები, რომ ეს იყოს ერთი-ერთი ყველაზე საუკეთესო საწყისი საბრძოლო მომზადების გამოშვება. რაც მთავარია, ეს საბაზისო მომზადება უნდა გახდეს საფუძველი შემდგომი მომზადებებისთვის. აღნიშნული კურსის განმავლობაში არა მხოლოდ რეკრუტები მომზადდებიან, არამედ, განხორციელდება მომზადების მეთოდების შესწავლა, თუ რამდენად გაამართლა წვრთნების აღნიშნულმა მეთოდებმა, რამდენად იმუშავა და რა არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მომზადებაზე“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძე.
რეკრუტები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს ათი კვირის განმავლობაში გაივლიან. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და გააგრძელებენ პროფესიულ სამსახურს.