საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინდისის ბრძოლაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს მირზა მალაზონიას ვარკეთილის სამხედრო ქალაქში არსებული საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადასცა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე უფროს სერჟანტ მირზა მალაზონიას ნაქირავებ ბინაში ესტუმრა და საცხოვრებელი ფართის გასაღები პირადად გადასცა.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ადამიანებს სახელწიფომ დაუფასოს სამსახური. მალაზონიების ოჯახი სწორედ ასეთი ოჯახია. საზოგადოებამ კარგად იცის შინდისის გმირების ამბავი. რაც ხელისუფლებაში მოვედით გაგვიჩნდა განცდა, რომ სახელმწიფომ და საზოგადოებამ საკადრისი პატივი ვერ მიაგო ამ ადამიანებს. ყველას ახსოვს შარშან აგვისტოში გამართული ღონისძიება, რომელიც ჩვენ შინდისში ჩავატარეთ. საქართველოს პრეზიდენტის დახმარებით მოხერხდა სათანადო მადლობა მაინც გვეთქვა ამ ადამიანებისთვის. თავდაცვის სამინისტროს ბუნებრივია აქვს სხვა ფუნქციები და ვალდებულებები. როდესაც მივიღეთ ინფორმაცია, მათი საცხოვრებელი მდგომარეობის შესახებ, ძალიან მარტივად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. ერთ-ერთი ოჯახი რომელიც, განსაკუთრებით არასახარბიელო საყოფაცხოვრებო მდგომარეობაში იყო დაგვესაჩუქრებინა დღეს ბინით. ეს ქალბატონი, რომლის მეუღლეც ემსახურებოდა სამშობლოს ნამდვილად გმირია. სწორედ ეს ქალბატონი დავაჯილდოვეთ 8 მარტს ბინით, როგორც მადლობა იმისთვის, რომ ქვეყნის სამსახურში მყოფი ადამიანის ბურჯად დგას. სწორედ, ასეთი მეუღლეები, დედები და შვილები ქმნიან იმ სიძლიერეს, რომლითაც შემდეგ ეს ბიჭები თავიანთ ქვეყანას ემსახურებიან,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
უფროსი სერჟანტი მირზა მალაზონია 2008 წლის 11 აგვისტოს მომხდარი შინდისის ბრძოლის ერთ-ერთი ცოცხალი გმირია. ამ მძიმე დღის შემდეგ მას რამოდენიმე ოპერაციის გადატანა დასჭირდა.