შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გენდერული თანასწორობის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა. ლექცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ გახსნა, მან სტუდენტებს სიტყვით მიმართა და თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
ახალგაზრდებს საზოგადოებასა და შეიარაღებულ ძალებში ქალის როლსა და მნიშვნელობაზე ინფორმაცია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის უფროსმა მაკო ავალიანმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ და ადამიანური რესურსებისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მაკა პეტრიაშვილმა მიაწოდეს.
ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი გენდერის კვირეულის (#ქალიქვეყნისსამსახურში) ფარგლებში ჩატარდა. ლექციას ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ.