პროკურატურა სასამართლოს მიერ აიუფ ბორჩაშვილისა და სამი პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდების მხარე გიორგი ხუტუნიშვილისთვის და დავით ფირისებიასთვის ბრალდების ნაწილობრივ მოხსნასთან დაკავშირებით განაჩენის გასაჩივრების საკითხზე მას შემდეგ იმსჯელებს, რაც განაჩენს ჩაიბარებს.
"2016 წლის 7 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის, გიორგი კუპრავას და დავით ფირისებიას ბრალდების საქმის განხილვა. სასამართლო განაჩენით აიუფ ბორჩაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისათვის, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის პირის გადაბირებაში. ამავე განაჩენით გიორგი ხუტუნიშვილი და დავით ფირისებია ცნობილი იქნენ დამნაშავედ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისთვის, ხოლო გიორგი კუპრავა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისათვის, ამავე განაჩენით გიორგი ხუტუნიშვილს და დავით ფირისებიას მოეხსნათ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდება.
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ აიუფ ბორჩაშვილი გაერთიანებული იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციაში - "ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფო," რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად. აიუფ ბორჩაშვილი საქართველოში სარგებლობდა რა ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით განიზრახა ადამიანური რესურსებით ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებოდა "ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწოფოს". ამ მიზნით მან გიორგი ხუტუნიშვილი, დავით ფირისებია და გიორგი კუპრავა დაარწმუნა "ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერის აუცილებლობაში, გადაიბირა ისინი, ფიცის ე.წ. "ბაიათის" დადების გზით გააერთიანა ტერორისტულ ორგანიზაციაში და 2015 წლის 14 ივნისს ორგანიზება გაუკეთა ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად მათ სირიაში გამგზავრებას, რა დროსაც დანაშაულის ჩამდენი პირები დაკავებულნი იქნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, აიუფ ბორჩაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3271-ე და 328-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. გიორგი ხუტუნიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, დავით ფირისებიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი კუპრავასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეეფარდა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით ექვსი წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდების მხარე გიორგი ხუტუნიშვილისთვის და დავით ფირისებიასთვის ბრალდების ნაწილობრივ მოხსნასთან დაკავშირებით განაჩენის გასაჩივრების საკითხზე მას შემდეგ იმსჯელებს, რაც განაჩენს ჩაიბარებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.