ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში ბაკურიანში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
თურქეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოვლენილი სამხედროები ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს ეუფლებიან, მათ შორისაა სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშგადაადგილება და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა. სამხედროები თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანას სწავლობენ, რათა დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის მოწყობა და ჯგუფის უსაფრთხოდ გადაყვანა შეძლონ.
კრიტიკულ სიტუაციაში ჯგუფის მართვის უნარ-ჩვევების შესასწავლად კურსის მონაწილეებისთვის სცენარიც გათამაშდა. დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისას სამხედროებმა ზვავში მოყოლილი ადამიანი აღმოაჩინეს და საკაცის გამოყენებით მისი ევაკუაცია განახორციელეს. უცხოელ სამხედროებს თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენებაც მოუწიათ.
„კურსის ფარგლებში თხილამურით სრიალსა და თოვლში დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ტექნიკას დავეუფლეთ. ასევე შევისწავლეთ თოვლში ღამის თავშესაფრის „იგლუს“ მოწყობა და ზვავში მოყოლილი ადამიანის გადარჩენა. აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა 3000 მეტრის სიმაღლეზე ზამთრის პირობებში. ლატვიაში ასეთი მაღალი მთები არ არის, როგორიც საქართველოშია. მაგრამ კურსზე შესწავლილი უნარ-ჩვევები ჩემს სამხედრო კარიერაში ნამდვილად გამომადგება,“ - აღნიშნა ლატვიის თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურემ რიგითმა ქრისტიან შაკლისტმა.
კურსი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ ტარდება. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე.
სამკვირიანი სამთო კურსი 11 მარტს დასრულდება.