საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები უქმდება.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მზადაა და მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.
უწყების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ამოცანას, პრაქტიკაში დღემდე არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა წარმოადგენს. სწორედ ამ ნაკლოვანებების რიგს მიეკუთვნება სამხედრო მოსამსახურის ჰაუპტვახტში მოთავსება. მნიშვნელოვანია, რომ ჰაუპტვახტში მოთავსება საკმაოდ მძიმე ჩარევაა პირის უფლებებში.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული პრაქტიკის ანალიზიდან ირკვევა, რომ ჰაუპტვახტში მოთავსება არაეფექტური იყო და ვერ უზრუნველყოფდა შეიარაღებული ძალებში დისციპლინის განმტკიცებას.
უწყებაში განმარტავენ, რომ სწორედ ამან განაპირობა მეტი ჰუმანური მიდგომების შემოღება, ახალ სადისციპლინო წესდებაში, რომლის მიხედვით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების მიმართ უქმდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა - ადმინისტრაციული პატიმრობა (ჰაუპტვახტში მოთავსება). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჰუმანური და სამართლიანი ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან სამხედრო დისციპლინის მიმართ ყურადღების მოდუნებას არ ნიშნავს. არამედ პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ადმინისტრაციული დარღვევის მიმართ სამინისტროს მიდგომა იქნება უფრო მკაცრი და ადექვატური.