ENG / RUS       12+

უმისამართო ბარათი ანუ წერილი საქართველოს (წერილი პირველი)

არსად წავსულვარ, აქ ვარ, აქ... ყოველდღე დავდივარ შენს მიწაზე, ყოველდღე დამყურებს შენი ცა... მეც სხვებივით ყოველდღიური ჭირ-ვარამით ვცხოვრობ, ხან მილხინს, ხან სევდა და კაეშანი მეძალება... მყავს მტრები და მოკეთეები, მეგობრები და მოძულეები, ოჯახი და ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები... მაქვს მიზანი და ოცნებები _ ახდენილი და ვერახდენილი. მაქვს სალოცავი, სახლი და ნავსაყუდელი... მაქვს საფლავები, უსაყვარლესი ადამიანების საფლავები, შენს წიაღში გაჭრილი და შენივე მიწით დასამარებულ-დაფარული...
სიყვარული და სიძულვილი არც ჩემთვისაა უცხო... ვფიქრობ, განსჯის უნარიც შემრჩა და ამიტომაც მიკვირს, რატომ ვეღარ ვცნობთ, რატომ ვეღარ ვგრძნობთ ერთმანეთს?..

ერთგული მეგობარივით ათასგვარ ტკივილს ვიტან შენით და შენგან; მორჩილი შვილივით თვინიერად ვიღებ ყოველ შენს შენიშვნასა და დარიგებას; უნუგეშოდ გამიჯნურებულივით უმისამართოდ დაგეძებ, როგორც ვაჟას "იას", აკაკის "სულიკოს", ილიას "ყვარლის მთებს"...

თითქოს ყველაფერი რიგზეა, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა იყოს...

მე შენს მიწაზე, შენი ცის ქვეშ მომავლინა განგებამ. დედის საშოდან გამოსულს შენ შემეგებე დედამიწაზე, მზის პირველი სხივიც შენ მომფინე და შენვე შემეშველე ფეხზე გამევლო, ენა ამედგა, კეთილი და ბოროტი დღე-ღამესავით გამერჩია ერთმანეთისგან...

შენ, სწორედ შენ მიყვებოდი დედაჩემის ენით ათასგვარ საუცხოო ლეგენდებსა და მითებს... შენ დამისევდიანე ბავშობა კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანის დარდით...
...

შენ "მაიძულებდი" ღმერთის შემდეგ შენ მყვარებოდი... შენზე მეფიქრა და ღვიძლი და-ძმებივით მყვარებოდა ჩემამდე დაბადებული შენი შვილები, ჩემი წინაპრები, ზვარაკად რომ შემოგწირეს სიცოცხლე... მისტიკური ელფერი დაჰკრავდა ამ სიყვარულს. მხოლოდ დროსა და სივრცეში ვცდებოდით ერთმანეთს, მაგრამ დროსა და სივრცეზე უფრო მნიშვნელოვანი, ისევ შენ და ისევ შენი ერთადერთობა გვაერთიანებდა...

შენ შემაყვარე სიცოცხლე ასე ძლიერ და შენვე მასწავლე თავად სიყვარული...

ეს შენ არ მაკლებდი პურსა და წყალს იმისათვის, რომ ღონიერ, ძირმაგარ, ჯანმრთელ ნერგად ამომეხეთქა შენი წიაღიდან. შენ მიჩრდილებდი, ქარსა და ავდარს მარიდებდი, შენ ზრუნავდი ჩემზე მშობელი დედასავით (და ვინ იცის იქნებ მასზე მეტადაც...), რომ მხრები გამეშალა, მეყვავილა და კეთილი ნაყოფი გამომეღო...

"დედაენაც" შენ გადამიშალე პირველად და ჯერაც ისევ ვარდისფერ ხელისგულზე შენ შემაჩეჩე კალამი აი-ია რომ შემომეხაზა... მას შემდეგ ვწერ!..

მთელი ამ ხნის განმავლობაში მეგონა, რომ შენგან და შენით, შენი დავალებითა და კარნახით ვწერდი... ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე შენს მიწაზე უმისამართოდ დაკარგული უმისამართო ბარათს მოგწერდი(!)

შენ ჩემი სამშობლო ხარ!..

როდესაც პირველი ტყვია გავარდა, მეგონა, საყოველთაო გლოვის ნიშნად, შენი ზეცაც კი შეიმოსებოდა ძაძით... ქუდზე კაცი გამოვიდოდა, ერი და ბერი შეიყრებოდა, განგაშის ზარებს შემოჰკრავდნენ და ძმათა მკვლელ ძმებს ისევ და ისევ ღმერთისა და შენი სიყვარულის სახელით დააზავებდნენ(!)

პირველი იმედგაცრუება და პირველი პროტესტიც ამას მოჰყვა. ურჩი, გაჯიუტებული ბავშვივით გებუზღუნებოდი და ფეხების ბაკუნით, ისტერიულად შემოგტიროდი: ეს როგორ დაუშვი, ეს როგორ მოგივიდა, ამ ადამიანებს ან ღმერთი, ან შენი თავი ისე როგორ ვერ შეაყვარე, ერთმანეთი სასიკვდილოდ რომ გაიმეტეს?!

მალევე გამოჩნდა პირველი სახრჩობელა, პირველი ყულფი და პირველი თვითმკვლელი...

ძნელი იყო იმ აზრთან შეგუება, რომ ისტორია ჩემს თაობას თვითმკვლელთა და ძმათამკვლელ თაობად შეაფასებდა.
შენ დუმდი, ავისმომასწავებელი დუმილით.
ჩვენ დაჯერება და გააზრება გვიჭირდა.
ისინი კი კლავდნენ და კვდებოდნენ.
მოჰქონდათ კუბოები: მუხის, რკინისა და სხვადასხვა ფიცრისაგან სახელდახელოდ შეკრული.
იჭრებოდა საფლავები: მემორიალური დაფებით, ობელისკებითა და უსახელო წარწერებით.
...ასე შევეჩვიეთ, ასე შეგაჩვიეთ, ასე შევეჩვიეთ სიკვდილს...



  • როდესაც მონადირებული ნადავლივით შეგათვალიერეს და ტერიტორიები ისე ჩამოგაჭრეს, როგორც ბინძური ყასაბი ჭრის ხოლმე მრუდე დანით მსუყე ნაწილებს. მეგონა, რკინის ჩანგალზე ორივე ფეხით ჩამოკიდებული, გაბრძოლებას მაინც შეძლებდი. ყოველ შემთხვევაში, მოინდომებდი მაინც...

დღემდე არ მაქვს პასუხი, ასე უსულო საგანივით როგორ გაირინდე, როგორ დანებდი და როგორ ჩაბარდი?!

ომისა და სისხლისღვრის მეტი რა გინახავს, მაგრამ ამდენ ჭირგამოვლილს ალბათ შენ ჩემზე მეტად გიკვირს ქართულ გენს რაღა ჩემს თაობაზე "ჩასთვლიმა". ჩათვლემას ჩაძინება მოჰყვა, ჩამოძინებას _ ძილქუში და საღათას ძილი. რაც არ ახსოვს, ის არც სტკივა ადამიანს, მით უფრო ძილქუშდაცემულს. ასე რომ, ტყუილად "იკაზმები" ჟანგშერეული აბრებით _ "გახსოვდეს აფხაზეთიო" _ რომ აწერია ზედ. შენს ხალხში ახლა საცვლის სარეკლამო ბილბორდს უფრო დიდი ფასი აქვს და ის მასში უფრო დიდ ემოციასა და განცდას იწვევს.

ნურც დროდადრო აფხაზეთზე დაღვრილი სახელისუფლებო ყალბი ცრემლების იმედი გექნება მაინც და მაინც და ნურც იმის, სამაჩაბლოს დაბრუნებას რომ გპირდებიან და იარაღს აჟღარუნებენ. შეიძლება იარაღი მუდამდღე გადატენილი ჰქონდეს კაცს, მაგრამ "ცარიელი" გულით მის გასროლას მაინც ვერ შეძლებს.

მეუხერხულება კიდეც, იმას რომ გასწავლი, რაც თავის დროზე თავად გვასწავლე აღმაშენებლისა და ერეკლეს მაგალითზე, მაგრამ შენგანვე მსმენია, გამეორება ცოდნის დედააო და ისღა დამრჩენია, დავძინო _ რა სამწუხაროა, გმირები რომ არ "მეორდებიან" შენს მიწაზე...

განსაცდელი კი თითქმის მუდმივი და მარადიული გაქვს. ალბათ, ჯადოსნური ბალახისა და ყამარის ზღაპარიც იმიტომ შეთხზე, "ჩაძინებული" ქვეყნის "გაღვიძებაზე" მეოცნებენი რომ გაგემხნევებინა რეალური გმირისა და ერისკაცების გამოჩენამდე.

ადვილი როდია, შენთვის ყოველ საუკუნეში თითო აღმაშენებელი, თითო თამარი და თითო ილია შვა. ძალები უნდა მოიკრიბო, ენერგია უნდა მოგეზღვაოს, გენი უნდა დაწმინდო და გააძლიერო... და რაც მთავარია, ჩვენ უნდა აგვიხსნა, ჩვენ უნდა დაგვარწმუნო იმაში, რომ ზღაპრული ფასკუნჯი ვერ აგვაფრენს მაღლა, ჩვენი სხეულის ერთი ნაჭერი თუ არ ჩავუდეთ პირში!..

ვისაც რა შეეძლო, ის შეგწირა, ის მოგიძღვნა ხარკად და ზვარაკად... ისე შეგიყვარა და ისე მოგიძულა ავი დედინაცვალივით და ჩვენც, შენს კალთაში გამოზრდილები, გერი და-ძმებივით, სხვადასხვა ბუდეში გამოჩეკილი ბარტყებივით, განვსხვავდებით ერთმანეთისაგან...

არ ვიცი რატომ, მაგრამ ხანდახან ისეთი აუტანელი ხდება ეს "სხვაობა", ერთ სამშობლოში კი არა, ერთ პლანეტაზე დაბადებულებსაც აღარ ვგავართ. რაღაცნაირად დავშორდით და გავთითოკაცდით... რატომღაც დავკარგეთ ერთმანეთთან სავალი გზები... გამუდმებით საკუთარი თავისა და სურვილების გარშემო ვბრუნავთ მხოლოდ... არ ვიცი, საიდან, როდის ან როგორ დაგროვდა ჩვენში ამდენი ბოღმა და ღვარძლი... ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ფაქტია _ გავბოროტდით!..

გიჟურ რიტმში გვიწევს ცხოვრება: ცეცხლი და ნავთი, გაზი და შუქი, პური და წყალი, ეჭვი და დარდი, მეხი და გვალვა, ზვავი და წარღვნა, ფული და სული, გული და განცდა... რაღაცა გაწყდა, რაღაცა წახდა, რაღაცა გატყდა, რაღაცა დალპა... ვიღაცა კივის, ვიღაცა ტირის, ვიღაცა მიდის, ვიღაცას სცივა, ვიღაცას შია, ვიღაცა კვდება, ვიღაცა ქრება...

შენ ჩემი სამშობლო ხარ და უნდა გითხრა...

როდესაც თბილისის აეროპორტიდან აფრენილ თვითმფრინავს თვალი გავაყოლე და შენგან პირველად "გაქცეულ" მეგობარს ჰაერში დავუქნიე ხელი, მეგონა, რომ ჩვენ ორივე დავზარალდით: მე საუკეთესო მეგობარი დავკარგე, შენ _ ერთ-ერთი მეციხოვნე. თავი მხოლოდ იმით დავიმშვიდე, რომ "დანაკარგი" დროებითი იყო.

პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე... მალე თითებიც აღარ მეყო ჩამოსათვლელად.
ისინი მიფრინავდნენ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რეისითა და სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც წესი, თან მიქონდათ აჯიკა, ტყემალი და ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"...

წლების შემდეგ ზოგი დაბრუნდა და ზოგი არა, მაგრამ ვინც დაბრუნდა, აღარ ჰგავს იმას, აქედან წასვლამდე რომ იყო. ათასობით კილომეტრით დაშორებულები შენს საზღვარს, თუ რომელიმე მეტყოდა, რომ ხინკალი მოენატრა, მე შენი მთა-ბარის მონატრებაში ვუთვლიდი და სტომაქს აყოლილ სურვილებს შენს მონატრებასთან ვუიგივებდი. გვიანღა მივხვდი, რომ მართლა ხინკალი ენატრებოდათ და აღარ ახსოვდათ არც იავნანა და არც "იავნანამ რა ჰქმნა"...


  • ნელ-ნელა გაჩნდა ბზარი ჩვენს დედაშვილობაშიც. შენზე გული არასდროს ამიყრია, მაგრამ დროდადრო გიბრაზდებოდი და გებუტებოდი კიდეც. იყო დრო, როცა შენგან გაქცევა მეც მოვინდომე, მაგრამ არ "გამიშვი", ვერც მე გაგშორდი და შეგელიე. არ ვიცი, შენ გრძნობდი ამას თუ არა, მაგრამ ისეთი მძიმე წუთებიც მქონია, მარტოდმარტო, შენგან მიტოვებულადაც რომ მიგრძვნია თავი. ყოველთვის ყოვლისშემძლე მეგონე და ვერ "გპატიობდი" ამდენი გულგრილი, ნაძირალა, კაცობაზე და ქალობაზე უარის მთქმელი რომ "გამოზარდე" და ცხოვრების მემატიანედ და თანამგზავრად "გამომიგზავნე". ხანდახან ისაც მიფიქრია, ამ მგლების ხროვაში იმიტომ მამყოფებ, რომ გინდა გამაკაჟო და ტკივილების უკეთ დათმენა მასწავლო.

შენს გულწრფელობასა და მზრუნველობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია, მაგრამ რამდენჯერაც "აბჯარი" შემომახიეს, იმდენჯერ ისევ იმ მგლების ხროვაში რატომ შემაგდე საჯიჯგნად, მაინც ვერ მივხვდი. მუდმივი დარი და მზიანი ამინდი არც ჩვენს ურთიერთობაში ყოფილა, მაგრამ სადაც არ უნდა წავსულიყავი, სადაც არ უნდა მეწამლა და გამომეზამთრა, ყორემორღვეული ნასაყდრალივით ბოლოს ისევ შენი იმედი მქონდა.

შენ ჩემი სამშობლო ხარ და ჭირვეული ჩვილივით მუდამ გავალდებულებ, ჩემზე იზრუნო,...მოშურნისა და ბოროტი თვალისაგან დამიფარო, ავი ენების გესლისა და შხამიანი ისრებისაგან დამიცვა. გავალდებულებ და ვალდებულიც ხარ, რადგან სწორედ შენ "გამოზარდე" ის ადამიანები, რომელთაც სამშობლო გაცვეთილი, ყავლგასული ცნება ჰგონიათ, რომელსაც სიძველის ჩრჩილი უჩნდება და ამიტომაც "გამზეურებენ" დროდადრო _ ყველას თავისი დროშა აქვს, თავის ტექსტი, ყველა თავისებურად ირტყამს გულზე მჯიღს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ფეხზე კი არა, ფეხს იქითა სამყაროში გიკიდებენ!

ისინი მუდმივად ატარებენ არჩევნებს, მუდმივად ირჩევენ პრეზიდენტს, მთავრობებსა და პარტიებს, მაგრამ არასოდეს "გირჩევენ" შენ. პოლიტიკური ალფონსებითა და მეძავებით გაივსო ყველა ის შენობა, სადაც შენზე ფიქრითა და დარდით არა თუ შუქი, კერა არ უნდა ქრებოდეს. შენ მათთვის "გარგრისა და ატმის კურკის ოდენა" ძვირფასი ქვების სამალავი ქერის ორმო ხარ მხოლოდ...

ეს შენ "გამოზარდე", გაათამამე და გაათავხედე ის ადამიანები, რომელთაც შენ ამქვეყნად ყველაზე მგრძნობიარე ცოცხალ არსებად კი არა, ცარიელ სახაშლამე ქვაბად მიაჩნიხარ. რა ტემპერატურაზედაც უნდათ, იმაზე "გადუღებენ", გადაგაბრუნებენ და გადმოგაბრუნებენ.

შენ ჩემი სამშობლო ხარ და თუ არა შენ, სხვას ვის ვუთხრა, ვის შევჩივლო, გაუსაძლისი რომ მეჩვენება შენით და შენთან ერთად ცხოვრება... ან შენ როგორ უძლებ ამდენ იმედგაცრუებას?.. როგორ შეგწევს ამდენი ტკივილის დათმენის ძალა და უნარი?.. ნუთუ ამ მზისქვეშეთში ღვთისმშობლის წილხვედრი იმისთვის გახდი, ქრისტეზე უარისმთქმელებს რომ დაესერათ შენი საფარი?
ნუთუ ამისთვის "დაგითმო" ღმერთმა თავისი წილი მიწიერი სამოთხე, რომ მერე ვიღაც ბაყბაყდევებსა და ქონდრისკაცებს გოჯებად დაეყავი და გაეყიდე? ნუთუ ვერ გრძნობ, ნაწილ-ნაწილ როგორ გკუწავენ, გთელავენ, ხატსა და სალოცავს გიბილწავენ... ნუთუ ვერ გრძნობ, რაღაც მნიშვნელოვანი რომ მოკვდა და დალპა შენში და შენ ირგვლივ... ნუთუ ვერ გრძნობ, როგორ დაიცალე და დაცარიელდი...

შენ ჩემი სამშობლო ხარ და უნდა გითხრა _ თუ დედაშვილობაში ორი თვალი არ არსებობს, თუ "საზიარო" თვალით უნდა ვუყურებდეთ ერთმანეთს, მაშ ახლა რა გვჭირს, რა მოუვიდა იმ "საზიარო" თვალს? როდის, რატომ ან რისთვის დავბრმავდით, როდის გადაგვეკრა ლიბრი და როდის დავთხარეთ ერთმანეთს ეს საზიარო თვალი გავარვარებული შანთით? როგორ მოვთხოვოთ ამ მილიარდიან სამყაროს ჩვენი შეცნობა, როცა შენ, მშობელ დედასაც აღარ გესმის ჩვენი, გაგვიგულგრილდი, ობლებივით დაგვყარე და ორგულთა გულისთქმას აჰყოლიხარ!

შენ ჩემი სამშობლო ხარ და უნდა გითხრა...

არსად წავსულვარ, აქ ვარ, აქ... ყოველდღე დავდივარ შენს მიწაზე, ყოველდღე დამყურებს შენი ცა... ყოველთვის ვოცნებობდი, ისე მეცხოვრა შენთან და შენით, შენი დასატირებელი რომ გავმხდარიყავი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, ჩემი დასატირებელი თუ გახდებოდი...
არ ვიცი, სად დავშორდით ასე ერთმანეთს... იქნებ იქ, პირველი ტყვია რომ გავარდა და გლოვას "დუმილი" ამჯობინე... იქნებ იქ, შენს მიწაზე მდგარი, შენს ცაში აფრენილებსა და შენგან გაქცეულებს ხელს რომ ვუქნევდი... ან მაშინ, მგლების ხროვაში მოქცეულს რომ არ მომეშველე, ხმა არ მომაწვდინე... იქნებ გერჩია, მეც სხვებივით ოცდაათ ვერცხლად გამეყიდე. არ ვიცი, არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ შვილი ვარ და მმართებს!.. დედა ხარ და ხამს!.. არ ვიცი, სად დავშორდით ასე ერთმანეთს... მას შემდეგ კი იმდენი გზა გამოვიარეთ, არ შეგწევს ძალა, უკან დამაბრუნო... ან მე როგორ გიპოვო ამ უკუნეთ სიბნელეში, როცა ქალაქს მხოლოდ ძუკნა ძაღლების ყმუილი "აცოცხლებს"?.. ჩავიმუხლო და მერე სად? იმ სიბინძურეში, სადაც ფეხებს ჭაობი მიჟღენთს, ჩემს წილ ჰაერს კი ბუზანკალები სერავენ?..

ჩავიმუხლო და მერე რად?.. სუდარად გადაფარებული წარსული რომ გადაგხადო და გითხრა: ნუთუ შენც გამწირე, ნუთუ შენც მატყუებდი, ნუთუ შენც მიმალავდი იმ დიდ სინამდვილეს, რასაც შენს მიწაზე, შენი ცის ქვეშ ცხოვრება ჰქვია?!.

შენ ჩემი სამშობლო ხარ და უნდა გითხრა...

"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი