საქართველოს პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა.
ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, 105 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
„155 მსჯავრდებულიდან, 105 მსჯავრდებული სრულად არის შეწყალებული, ისინი საპატიმრო სასჯელიდან გათავისუფლდნენ და საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებენ. 50 მსჯავრდებულის სასჯელი კი შემცირებულია სხვადასხვა ფორმით. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების საქმეთა კომისიის 21-23 თებერვლის სხდომის შედეგად ჩამოყალიბებული რეკომენდაციების საფუძველზე. ამ სხდომაზე კომისიამ განიხილა 1178 პირის საქმე და დადებითი რეკომენდაციები წარუდგინა პრეზიდენტს. პრეზიდენტმა კი 155 მსჯავრდებული შეიწყალა“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მისივე ინფორმაციით, 105 მსჯავრდებულიდან, რომლებიც საპატირმოებს დღეს დატოვებენ, 8 ქალია.