ადიგენში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე დევნის მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის, ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
როგორც გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ იუწყება, სოფელ ადიგენში მომხდარზე ერთერთი დაზრალებული ავთანდილ იაკობიძე უკვე დაკითხეს. მისი დაკითხვა გვიან ღამით დილის 6 საათამდე მიმდინარეობდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში დაპირისპირების მიზეზი მუსლიმი თემის მიერ სასაფლაოს ადგილის მოთხოვნა გახდა. ვითარების ესკალაცია რელიგიის სააგენტოს 25 თებერვლის რეკომენდაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, ადიგენის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმთა სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოყოს.
გუშინ, სოფელ ადიგენში ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი თემი ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა ერთმანეთს, შემდეგ კი ფიზიკურად. დაშავებულია სამი ადამიანი. სოფელს ამ დრომდე იცავენ სამართალდამცველები.