საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენდერულ მრჩევლებს შეხვდა. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის განხილვას ისახავდა მიზნად.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამოქმედო გეგმის წარდგენა, განხილვისა და დამტკიცების შემდეგ, 8 მარტს გაიმართება. „ჩვენი პრიორიტეტია სამხედრო მოსამსახურე ქალებისათვის ყურადღების მიქცევა, პირობების შექმნა, რომ მათ სიამოვნებით იმსახურონ შეიარაღებულ ძალებში. ამ მხრივ, შემდეგ ეტაპზე გადავდივართ. ახლა დავამტკიცებთ სამოქმედო გეგმას, რომლის წარდგენაც 8 მარტს მოხდება. ეს იქნება კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯები, რის განხორციელებასაც სამინისტრო მომავალში აპირებს,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის თემაზე მიმდინარე ღონისძიებებში თავდაცვის სამინისტროს აქტიურ მონაწილეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებსა და სამშვიდობო კონტინგენტში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერას, გენდერული თანასწორობის დაცვასა და პრევენციული ღონისძიებების გატარებას. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ანა დოლიძემ და გენდერულმა მრჩევლებმა გენდერის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაზე, სამშვიდობო ოპერაციების გადასროლისწინა მომზადებაში გენდერული თანასწორობის სწავლების გაფართოებასა და სხვა ინიციატივებზეც ისაუბრეს. საუბარი შეეხო გენდერის კუთხით არსებული მდგომარეობის რეგულარული ანალიზის საჭიროებას, გენდერული მრჩევლის ინსტიტუციონალიზაციის, ქალი სამხედრო მოსამსახურეების პოპულარიზაციისა და საგანმანათლებლო მოდულების შექმნის საკითხებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გენდერულმა მრჩევლებმა ყურადღება მუშაობის პროცესში გამოკვეთილ საკითხებზე გაამახვილეს.