„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ალექსი პეტრიაშვილსა და მის მეუღლეს, ფარულად უთვალთვალებდნენ. ალასანიას ინფორმაციით, მასაც უთვალთვალებენ.
„ვადასტურებ რომ ასეთი ინფორმაცია ჩვენამდეც მოვიდა, რომ მიმდინარეობდა ფარული მიყურადება და ჩანაწერების კეთება. მხოლოდ ხელისუფლებას და უშიშროების ორგანოებს შეუძლია, მათ აქვთ რესურსი, ასეთი ჩანაწერების განხორციელების. გამოძიება ამითაც უნდა დაინტერესდეს, პასუხი უნდა აგოს იმან, ვინც ასეთი ფარული მიყურადება განახორციელა“, - განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, გუშინ ქუთაისის ბაზარში ყოფნისას სუს-ის თანამშრომლებმა მასაც გადაუღეს სურათები.
,,ამაში კი არ უნდა იხარჯებოდეს სახელმწიფო რესურსები, არამედ, ბანდიტებთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, ეს არის ამ ხელისუფლების უუნარობა“, - აღნიშნა ალასანიამ.
დღეს, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.