საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი დიღმის მასივში არსებულ წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტს ეწვია და საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
2016 წლის საგაზაფხულო გაწვევა თებერვლის დასაწყისში დაიწყო და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.
საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სულ 3183 წვევამდელის გაწვევა მოხდება.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. მოქალაქე, რომელიც მიიღებს შეტყობინებას გამწვევ კომისიაზე გამოცხადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, ვალდებულია, შესაბამის სამსახურში მითითებულ ვადაში გამოცხადდეს.
3183 გასაწვევი მოქალაქიდან საქართველოს შინაგან სქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებში 720 წვევამდელს გაიწვევენ; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში - 1020 წვევამდელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - 443 წვევამდელს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში 1000 წვევამდელს.
ქვეყნის მასშტაბით ყველა თვითმმართველ ერთეულში შექმნილია და ფუნქციონირებს გამწვევი კომისიები. ამჟამად წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში დაწყებულია წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებები, რომელიც შეფერხებებისა და ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.