ENG / RUS       12+

კომუნისტური რელიგია - 25 თებერვალი

“თოვდა და თბილისს ეხურა თალხი, / დუმდა სიონი და დუმდა ხალხი” _ ასე შეაფასა მეოცე საუკუნის 80-იან წლებში კოლაუ ნადირაძემ 1921 წლის 25 თებერვალი, საქართველოს გასაბჭოების დღე. მე-11 არმიის საქართველოში შემოსვლას, როგორც დამანგრეველ ძალას, როგორც საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დასამარებას არაერთი ქართველი პოეტი გამოეხმაურა. ვ. რუხაძის აზრით, ქვეყანა ხელში ჩაუვარდათ სისხლისმსმელ “გმირებს” და ასეთ ფონზე პოეტი სვამს შემაძრწუნებელ შეკითხვას: “თავისუფლების ობოლ საფლავს ვინ დაიტირებს?!”. ალ. აბაშელი კი კომუნისტებს “შავფრთიან გველებს” უწოდებს და მკითხველს მიანიშნებს იმასაც, რომ ახალი ცხოვრება კი არა, სიბნელე დაიძრა საქართველოს ცაზე: “დღეს სხვაა ჩვენი ჰაერი, დაეცა ლოცვა და პოეზია” _ ამ სიტყვებით ერთდროულად მიგვანიშნა ისიც, რომ დასრულდა რომანტიკისა და ლოცვის დრო. ბოლშევიკებმა, “წითელმა ეშმაკუნებმა” დაიწყეს მიზანმიმართული ბრძოლა არა მხოლოდ ყოველგვარი ეროვნულის, არამედ, ზოგადად, ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგ. მათ ბრძოლა გამოუცხადეს ღმერთს, რწმენას, დაანგრიეს ეკლესიები, შესაბამისად, ქართველი ადამიანის ეროვნული სხეული და სული.

როცა ღმერთი არ არის, ყველაფერი დაშვებულია, ამიტომ კაცობრიობის “უბრწყინვალესი იდეალების განხორციელებულ ტრიუმფში”, საბჭოთა კავშირში, ფეხქვეშ გაითელა ყველაზე დიდი ღირებულება _ ადამიანი, დაითრგუნა აზრი, ფიქრი, აიკრძალა ოცნება და სიყვარული, რწმენა და თავისუფლება... ტოტალიტარიზმის მსხვერპლი გახდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი, სრული ჯოჯოხეთი დამყარდა საბჭოეთში. ვ. ნოზაძის შეფასებით, ეკლესიის მსგავსად, მარქსიზმ-ლენინიზმიც უკომპრომისოდ იბრძოდა საკუთარი დოგმების დასადგენად, გადახრების წინააღმდეგ, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთის ახალმა რევოლუციამ იმსხვერპლა 75 მილიონი ადამიანი. აქედან 5.600.000 იყო მრეწველი, მემამულე, ვაჭარი, 17 მილიონი გლეხი, 1933-37 წლებში პარტიულ “განწმენდას” შეეწირა 798.072 კომუნისტი. ახალ მარქსისტულ-ლენინურ რელიგიას ვიქტორ ნოზაძე “კომუნისტურ ესხატოლოგიას” უწოდებდა.

საბჭოეთში ებრძოდნენ ქრისტიანულ რელიგიას, ზოგადად რწმენას: “მართლმადიდებლობა ეწინააღმდეგება პროლეტარიატის სწორად გაგებულ ინტერესებს”, _ ამბობდა სტალინი. ასეთმა პროპაგანდამ სასულიერო წოდების ლიკვიდაციის აუცილებლობა განსაზღვრა: “პარტიას არ შეუძლია იყოს ნეიტრალური რელიგიურ ცრურწმენათა გამტარებლების მიმართ, რომელიც სწამლავს მშრომელი მასების შეგნებას. დავთრგუნეთ თუ არა რეაქციული სამღვდელოება? _ დიახ, დავთრგუნეთ, ოღონდ უბედურება იმაშია, რომ იგი ჯერ კიდევ სავსებით არ არის ლიკვიდირებული”, _ ესეც სტალინის სიტყვებია. ხალხი მასაა, რომელიც უნდა დააჯერო, რომ არ არის ღმერთი, გარდა ბელადისა. როგორც ქართული ვიკიპედია გვაუწყებს, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისთანავე კომუნისტები  ეკლესიისა და ქართველი ხალხის რელიგიური რწმენის ნგრევას შეუდგნენ. თავდაპირველად მათ საეკლესიო ქონების ჩამორთმევა განიზრახეს. ეკლესიების დიდი უმრავლესობა ან მთლიანად დაანგრიეს, ან სამთავრობო შენობად, კომუნისტური პარტიის ოფისად, კლუბად, საწყობად, ან გომურად გადააკეთეს. არაერთი უძველესი სალოცავი, საკათედრო ტაძარი ეკლესია-მონასტერი განადგურდა და შეიბღალა.  საქართველოში არსებული ათასობით ეკლესიიდან 1922 წელს მხოლოდ 1500 დარჩა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 ან 1950 წელს ეკლესიების რაოდენობა საქართველოში 100-ს არ აღემატებოდა.

ანტიჰუმანური და ანტიბუნებრივი ბოლშევიკური სისტემა მიხვდა, რომ რელიგიისგან ასე უცბად და ასე ერთბაშად მოწყვეტილ ხალხს ფსევდორელიგია დასჭირდებოდა, ამიტომ საღვთო წერილის, ბიბლიის ნაცვლად მოგვევლინა დოგმატური მარქსიზმი. ბინძური საბჭოური იდეოლოგიის მესვეურებს შეგნებული ჰქონდათ, რომ დამორჩილება, მოთვინიერება, დამონება მკაცრი დოქტრინით მიიღწეოდა, ამიტომ შემუშავდა, დაიხვეწა მარქსიზმ-ლენინიზმის, დიალექტიკური მატერიალიზმის ფილოსოფია, რელიგიის ხარისხში აიყვანეს ის და აქციეს “ზოგადკაცობრიულ მოვლენად”. რა ფორმით, როგორ უნდა გამხდარიყო შესაძლებელი დოგმატური მარქსიზმის ქადაგება და დამკვიდრება? _ აქ ერთმნიშვნელოვნად ჩაანაცვლეს ეკლესია პარტიით, ღმერთი _ ბელადით, და, საბოლოოდ, მივიღეთ იდენტური სტრუქტურა საეკლესიო იერარქიისა _ კომუნისტური რელიგია.

ქრისტიანს სწამს და უყვარს სამყაროს შემოქმედი _ ღმერთი, ტოტალიტარიზმის ეპოქაში ღმერთი არის ბელადი;

ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი არის პატრიარქი (კათალიკოსი), პარტიაში _ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი;

 პატრიარქი ღვთის მოციქულია, ბელადის მოციქულია ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი;

 ეკლესიის უმაღლესი ორგანოა წმინდა სინოდი, პარტიისა _ პოლიტბიურო;

 საპატრიარქოს დაქვემდებარებაში შედიან ეპარქიები თავიანთი მღვდელმთავრებით, პარტიაში _ ადგილკომები, საქალაქო კომიტეტის მდივნები;

ეკლესია არის სახლი ღვთისა, გუმბათზე გამოსახული ჯვარი მიგვანიშნებს, რომ აქ იდიდება ჯვარცმული მაცხოვარი; კომპარტიას აქვს თავისი გამორჩეული შენობა _ ჯვრის ნაცვლად ნამგლისა და უროს გამოსახულებით.

ეკლესია საუბრობს და ქადაგებს ყოვლადწმინდა სამების სახელით (სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა), კომუნისტები საუბრობენ და გვმოძღვრავენ პარტიის, მარქსის, ლენინისა და სტალინის სახელით. საუბარი, მსჯელობა, წიგნი, გამოკვლევა თუ წერილი, როგორც აუცილებლობა, მათი ხსენებით უნდა დაწყებულიყო;

კაცობრიობის მხსნელის, მაცხოვრის ხატი ყველა ეკლესიაშია, ბელადის სურათი _ ყველა პარტიულ და არაპარტიულ დაწესებულებაში;

 მკერდზე ჯვარი არის ნიშანი ქრისტიანობისა, ჯერ ოქტომბრელის, მერე პიონერისა და, ბოლოს, კომკავშირელის ნიშანი ბელადის გამოსახულებით აუცილებელი გზაა პარტიის რიგებისკენ საბჭოთა ადამიანისთვის. პოლიტიკური ლირიკის ერთ “შედევრში” ვკითხულობთ: “ქვეყნის გაჩენის დღეა პირველი, / თუ ყველაფერი მხოლოდ მესიზმრა! / მომცეს ბილეთი კომკავშირელის, / ბილეთი ჩემი გადარჩენისა”.

ნათლობის შემდეგ ქრისტიანს ეძლევა ნათლობის მოწმობა _ მისი მეორედ შობის, სულიერი განახლების დოკუმენტი, კომპარტიის წევრობის წითელყდიანი წიგნაკი დასტურია ამქვეყნიური წარმატებისა;

ქრისტიანისთვის აუცილებელია საღვთო რჯულის სწავლება, საბჭოთა ადამიანისთვის _ მარქსიზმ-ლენინიზმის კურსი;

გამორჩეული საუფლო დღესასწაულია ქრისტეს შობა და აღდგომა, საბჭოეთში ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა ბელადის დაბადებისა და გარდაცვალების დღეები;

საეკლესიო დღესასწაულები იზეიმება ლიტანიობით, ეკლესიის ირგვლივ ხატებით, დროშებითა და გალობით სვლით. სტალინი ამბობს: “დღესასწაული აქვთ ხუცებსაც და ამ დღესასწაულების დროს ისინი ხოტბას ასხამენ არსებულ წესებს, სადაც მაშვრალნი სიღატაკეში იღუპებიან, მუქთახორები კი ფუფუნებაში არიან ჩაფლულნი თავისი დღესასწაული უნდა ჰქონდეთ მუშებსაც და ამ დღესასწაულის დროს მათ უნდა გამოაცხადონ საყოველთაო თავისუფლება, ყველა ადამიანის საყოველთაო თანასწორობა, ეს დღესასწაული არის 1 მაისის დღესასწაული”. საბჭოეთში ეწყობოდა აღლუმები ბელადის პორტრეტებით, გერბით, დროშითა და ალმით, გალობის ნაცვლად გაისმოდა მარშები და ჰიმნი;

ეკლესიას აქვს წმინდა ნივთები, წმიდა ჭურჭელი: ბარძიმ-ფეშხუმი, ლახვარი, ვარსკვლავი, დაფარნები, ემბაზი, ტაკუკი, ოდიკი... კომუნიზმი აიდეალებდა ნამგალს, ჩაქუჩს, კომბაინს, ტრაქტორს... “ახ, ტრაქტორო, მე შენს გამჭედს, ვენაცვალე ყელშიაო” ან: “ვინ მოიგონა ტრაქტორი / ვინ იყო იმის ჭკვისაო, / რკინა ააწყო ერთურთზე / მაგარი ფოლადისაო”.

ქრისტიანობა ქადაგებს სახარებას, ქრისტეს მოძღვრებას, კომუნისტი _ მარქსიზმ-ლენინიზმს;

ქრისტიანისთვის მთავარია სულიერი ფერისცვალება, როგორც დასაწყისი ახალი ცხოვრებისა, საბჭოთა ადამიანი ზეიმობდა გასაბჭოების დღეს _ ახალი ცხოვრებისა და ქვეყნის დასაბამს;

წმინდა ქალაქია იერუსალიმი _ ქრისტეს ცხოვრების მოწამე და მეისტორიე, მოსკოვი _ კრემლი, როგორც უმაღლესი ინსტანცია და აბსოლუტური ჭეშმარიტება; მშრომელთა იმედი და ნუგეში კრემლში ზის, მას ეკუთვნის ყველა წარმატება და სიხარული. ქართველი პოეტი ამაყობს, რომ მოსკოვი და კრემლი იმედია მთელი პლანეტისა, რომ კომუნიზმის აკვანი დაირწა ჩვენს სამშობლოში: “მაგრამ ის მაინც სხვა არი, / მარად სინათლეს ჩვეული _ ჩვენის კაცობის შუქური / კრემლი და მავზოლეუმი”.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ წიგნად დაიბეჭდა ქართველ პოეტთა ლექსების კრებული მოსკოვის შესახებ. მოსკოვი ყველა საბჭოთა ადამიანის ფიქრისა და ოცნების, სიყვარულისა და სიხარულის გამომხატველია, აქ ცხოვრობს და მუშაობს ამხანაგი სტალინი. მოსკოვი _ მსოფლიო გულის მფეთქავი _ ასე მიმართავენ და უმღერიან ქართველი პოეტები ჩვენი დედასამშობლოს დედაქალაქ მოსკოვს. “მოსკოვი _ სოციალიზმის მშენებლობის მეთაური, რევოლუციის შტაბი, მოსკოვი _ დიდი სამამულო ომის გამარჯვების მედროშე, მოსკოვი _ ომისშემდგომი პერიოდის მშვიდობიანი ცხოვრების მესაჭე, მსოფლიო მშვიდობისა და დემოკრატიის ძალთა მეთაური _ ასე გვიხატავენ ქართველი პოეტები ამ ლექსთა კრებულში ჩვენი დიდი სამშობლოს დედაქალაქს _ მოსკოვს”.

ქრისტიანული იკონოგრაფიის მიხედვით, ხატის ცენტრშია წმინდანი, კომუნისტური იკონოგრაფია ასეთია: პორტრეტები ბელადების ხატისებრი გამოსახულებითაა, მსხვილ პლანში. ლენინი _ მელოტი, ჰალსტუხით, თეთრი პერანგითა და პიჯაკით ან განდიდებული პოზით _ ორატორი, მაღლა, აწეული ხელით, ფეხი უკან; სტალინი _ ულვაშით, უკანგადაწეული თმებით, ჩიბუხით, დაბალი შუბლით; ძალზე გავრცელებული ტრიადა _ მარქსი, ენგელსი და ლენინი;

არსებობს წმინდანთა თაყვანისცემის საეკლესიო ტრადიცია, მომლოცველები ჩადიან და მიეახლებიან მათს წმინდა ნაწილებს; ლენინის ნეშტი მავზოლეუმშია, არ წყდებოდა ადამიანთა რიგები მავზოლეუმის წინ დარსა თუ ავდარში ბელადის უხრწნელი ნეშტის თაყვანსაცემად: “ლენინ, შენს თვალებს ჩვენ არ დავმარხავთ, / ლენინ, შენს შუბლზე მიწას არ დავყრით”.

ეკლესია სასოებით ინახავს წმინდანთა ნაწილებს, გარდა იმისა, რომ გვყავს უხრწნელი წმინდანები. პოლიტიკურ ლირიკაში შექებულია ბელადის ჩიბუხი, ლენინის ქუდი. მაგ., პოეტს მოსკოვში უნახავს ფრანგების მიერ გამოგზავნილი ლენინის ქუდი: “აქ დიდხანს ვჩერდები... / ამ ძვირფას საჩუქარს / მტრისგან ფარავდა მზრუნველი ხელი. / ირხევა სარკმლიდან ლამაზი არყის ხე, / არყის ხე, ასე რომ უყვარდა ლენინს”.

მორწმუნე უფლის მადლობელია მოწყალებისთვის, კომპარტიას უნდა უმადლოდე, ისაა მზრუნველი, მფარველი და მოწყალე;

რელიგიის ერთ-ერთი საიდუმლოა აღსარება, ცოდვათაგან განწმენდა მოძღვრის წინაშე, პარტიაში კი _ თვითკრიტიკა. უნდა აღიარო დანაშაული, შეცდომა, მანკიერება კომპარტიის წინაშე;

საერო დაწესებულებებში მოწყობილია სალოცავი კუთხეები, საბჭოთა ეპოქაში არსებობდა ლენინის კუთხე ან წითელი კუთხე;

ეკლესიას ჰყავს დიდი წმინდანები, მოწამეები, ღირსი და ნეტარი მამა-დედანი, კომპარტიას კი _ რევოლუციურ სიწმინდეს შეწირულები, სოციალისტური შრომის გმირები, წითელი დროშის ორდენოსნები...

ქრისტიანისთვის სამოთხე დგება გარდაცვალების შემდეგ; საბჭოთა იდეოლოგია გვარწმუნებს, რომ სამოთხე, ანუ კომუნიზმი, ცოცხალთათვის დამყარდება დედამიწაზე;

არსებობს ქრისტიანული ეთიკა და კომუნისტური ზნეობა;

ქრისტიანულ მწერლობას ჰქონდა აგიოგრაფიული ჟანრი, რომელიც ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილთა ცხოვრებას, კანონიზებულთა ღვაწლის ასახავდა საღვთისმეტყველო და ისტორიულ-საეკლესიო ასპექტებით. აგიოგრაფიაში წმინდანი სიცოცხლეს მსხვერპლად გაიღებდა უმაღლესი იდეალებისა და პრინციპების ერთგულებისთვის, ქრისტეს სიყვარულისთვის ან მთელი ცხოვრება თავდადებით, ერთგულად ემსახურებოდა ქრისტიანულ იდეალებს. 1957 წელს გამოცემულ ქართულ ლენინიაში ვკითხულობთ: “ქართული ხალხური პოეტური თქმულების მიხედვით, ლენინმა სიკვდილის წინ მადლიერ ხალხს მოუყარა თავი და ანდერძი დაუტოვა, მშობლიურად დაარიგა: თუ ვინმემ რამე გაბედოს, დღე დაუბნელეთ შავია!”

22 წლის სტალინი თვითმპყრობელობასთან ბრძოლაში დაღუპული მუშების სახსოვრად ამბობს: “ქება-დიდება თქვენ, სიმართლისთვის დაღუპულნო! ქება-დიდება თქვენ, რომელთაც თავი დაიმშვენეთ ეკლის გვირგვინებით და სიკვდილის ჟამს მთრთოლვარე, გაფითრებული ტუჩებით ჩაგვჩურჩულებდით: შური იძიეთ სისხლით!” ამ იდეოლოგიის გამოძახილია ხალხურ პოეზიაში აღფრთოვანება იმის გამო, რომ გაანადგურეს, მოსპეს, დახვრიტეს, ჩამოახრჩვეს ღირსება, ადამიანი და სულიერობა. დღეს ეს ფრაზები რომლებიც კარგად ჟღერს, როგორც ბრალდება ამ შავ-ბნელი ეპოქისა: “ბრძანება გამოსულიყო, ბრძანება ლენინისა: / მოსპეთ თავადი, მდიდარი, ლუკმა გახადეთ ხმლისა”.

კომუნისტურ აგიოგრაფიას თავისი მიზანი ჰქონდა, ის ქმნიდა უნივერსალურ სახეს ბელადისას, თანაც, ქრისტიანული აგიოგრაფიის მსგავსად, აბსტრაქტული მონუმენტალიზმის კვალობაზე. თუ წმინდანი გვიჩვენებდა გზას ქრისტესკენ, ბელადი თავად იყო გზაც და ხსნაც... უძლეველი, ყოვლისშემძლე და უკვდავი. თუ წმინდანი ჩვენი მეოხია უფლის წინაშე, ბელადი თავადაა უზენაესი ძალა, რომელიც არავისთან შუამდგომლობას არ საჭიროებს, თუ ქრისტიანული აგიოგრაფიის იდეა განღმრთობა, თეოზისია, კომუნისტური აგიოგრაფია პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ გვახსოვდეს, გვიყვარდეს, შევისწავლოთ, ვიბრძოლოთ ბელადისებურად _ ამაშია მარადიული ნეტარება, აზრიც და საზრისიც ცხოვრებისა.

ასე ქადაგებდა კომუნიზმი თავის ბინძურ იდეოლოგიას და ასე სახავდა ტირანს მესიად. ასე შეიქმნა და ჩამოყალიბდა ქრისტიანული რელიგიის ანალოგიით ახალი ბნელი “რელიგია” _ დოგმატური მარქსიზმი, რომელიც 70 წელი წამლავდა კაცობრიობას. მადლობა ღმერთს, ტოტალიტარიზმის ეპოქა ისტორიის კუთვნილება გახდა. კომუნიზმი, როგორც უტოპია, დასამარდა, მაგრამ ქართველ ერს იმ ეპოქის მენტალობის დაძლევა მაინც უჭირს, ჯერ ისევ გზაში ვართ. აზროვნების დემოკრატიზმი დიდი ფუფუნებაა, თუმცა სხვა გამოსავალი სამოქალაქო საზოგადოებას არა აქვს, ჩვენ ისევ რწმენის გზაზე უნდა დავდგეთ!

საბა მეტრეველი

ავტორი: . .