საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მე-2 პრეზიდენტს, კარლჰაინც კოფვს. სამუშაო სადილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დაესწრო.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა იყო. თინათინ ხიდაშელმა კარლჰაინც კოფვს ასოცირების ხელშეკრულების სწრაფი რატიფიცირებისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის სწრაფად დასრულებისთვის მხარდაჭერა სთხოვა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ევროპის ახალი უსაფრთხოების სტრატეგიის სრულფასოვანი მონაწილე იყოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მისი განცხადებით, საქართველო აქტიურადაა ჩართული სამშვიდობო მისიებში და ამის მაგალითია ქართველი სამხედროების მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და მალის სამშვიდობო ოპერაციებში.
ეროვნული საბჭოს მე-2 პრეზიდენტმა კარლჰაინც კოფვმა თავდაცვის მინისტრს სამშვიდობო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის სწრაფად დასრულებისთვის მხარდაჭერას დაჰპირდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობაც განიხილეს.
ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ძანიერის შეხვდება და სიტყვით გამოვა ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის საგანგებო პლენარულ სხდომაზე. დაგეგმილია შეხვედრები ნატოს წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებთან ეუთოში და საჯარო გამოსვლა აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტების თემაზე.