თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 კითხვით მიმართავს და პასუხის გასაცემად დროს 17:00 საათამდე აძლევს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ახვლედიანის მხრიდან გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე იმსჯელა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შოთა გეწაძის განმარტებით, საუბარია საბჭოს უფლებამოსილებაზე სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციების განსაზღვრის თაობაზე.
კითხვები სხდომაზე საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ევა გოცირიძემ წარადგინა. კერძოდ, მოხდა თუ არა მამუკა ახვლედიანის მხრიდან, საბჭოსგან დამოუკიდებლად, საქმეების გადანაწილებებთან დაკავშირებით ბრძანების გაცემა. ადასტურებს თუ არა იგი ამ დარღვევას და უნდა ეცნობებინა თუ არა ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის.
აღნიშნული კითხვები მამუკა ახვლედიანს წერილობით გადაეგზავნება.
სავარაუდოდ საბჭო, ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებასაც მიიღებს, რისთვისაც საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობაა საჭირო.