თბილისში, სასტუმრო „Holiday Inn“-ში „სწავლების დაგეგმვის პროცესის“ ორკვირიანი საერთაშორისო კურსი დასრულდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ და კანადის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ჯონ ჰოლმსმა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
„ეს იყო მორიგი კურსი, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს კანადის თავდაცვის სამინისტრო. სწავლება ეხებოდა წვრთნების დაგეგმვას. დაგეგმვის თემა და, კონკრეტულად, წვრთნების დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ძალიან ბევრი წვრთნა ტარდება პარტნიორ ქვეყნებთან ერთად და ამ წვრთნებისთვის კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულნი. ჩვენი თანამშრომლობა კანადასთან ახალ, უფრო ღრმა და ინტენსიურ ეტაპზე გადადის, შედეგად კი ჩვენი განათლებისა და სამხედრო მომზადების დონე სერიოზულად გაიზრდება,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
სემინარში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად მონტენეგროს, უკრაინის, მაკედონიის, სერბეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების 34 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
სწავლების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ, დაეხვეწათ სამხედრო სწავლებების მეთოდოლოგიური დაგეგმვა. ტრენინგები ინტერაქტიული ლექციებისგან შედგებოდა, რომლის დროსაც მონაწილეები მცირე სინდიკატ ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი.
„სწავლების დაგეგმვის პროცესის“ კურსი კანადის და საქართველოსა და თავდაცვის სამინისტროებმა ერთობლივად დაგეგმეს.
ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა. „ცოდნის კვირეული“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმა. კვირეული 17 თებერვალს გაიხსნა და 25 თებერვალს დასრულდება.