ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელი ფაქისო მოჩოჩოკო მოწმეებს საფრთხის შემთხვევაში მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვის პირობას აძლევს.
"ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დაემუქრება საშიშროება, შეუძლია მიმართოს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს და მოითხოვოს დაცვა. საკმარისია მოგვმართონ, ჩვენ შევისწავლით რა სახის მუქარა არსებობს, რის შემდეგაც შეგვიძლია მოწმეთა დაცვის სხვადასხვა მეთოდი გამოვიყენოთ. მოწმეებს არაფრის უნდა შეეშინდეთ იმის გამო, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ", - განაცხადა მოჩოჩოკომ.
მისი განმარტებით, მოწმეთა დაცვის პროგრამა 2 ელემენტისგან შედგება და ითვალისწინებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ დაცვას, ასევე უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მოწმისთვის ადგილსამყოფელის შეცვლა ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ.