„არ არსებობს მინისტერიალი, ან რამე ფორმალური ან არაფორმალური შეკრება ნატოს ფარგლებში, სადაც თურქეთის ორივე მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრიც, ცალსახად არ აყენებდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარში“ სტუმრობისას. თინათინ ხიდაშელს გადაცემის წამყვანმა შეკითხვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს იმ განცხადების შესახებ დაუსვა, რომლის თანახმადაც, ნატოს სამიტზე თურქული მხარე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს დასვამს.
„ბატონი მევლუთი საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარია. ის ჯერ კიდევ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იცავდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და მე მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა მას ამისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრად სულ რამდენიმე დღის დანიშნული იყო ანტალიის სამიტის წინ და გვახსოვს ყველას მისი ძალიან მკვეთრი განცხადებები, რომ შემდეგი სამიტის ადგილი უნდა იყოს თურქეთი და შემდეგი სამიტი უნდა იყოს საქართველოზე ნატოს გაწევრიანების სამიტიო“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმოუდგენელი ხასიათის და მასშტაბის მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის ბოლო მინისტერიალზეც.
„მინისტრმა პირდაპირ თქვა, სიტყვასიტყვით გაიმეორა ჩვენი მოთხოვნა და თქვა, რომ, რა თქმა უნდა, თურქეთი ამას მხარს უჭერს და შემდეგ დაამატა, რომ აპრიორი მხარს ვუჭერთ ყველა წინადადებას და მოთხოვნას, რომელსაც საქართველო ინტეგრაციის მიმართულებით დააყენებსო. ეს, ბუნებრივია, პარტნიორობის დასტურია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მინისტრის განმარტებით, ნატოს წევრ ქვეყნებში დღეს არის მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას, მაგრამ ქვეყანაში ამის გამო მცდარი მოლოდინები არ უნდა შეიქმნას. საქართველომ ინტეგრაციისკენ სწრაფვა და რეფორმები უნდა გააგრძელოს და ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს.