ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის დირექტორმა ირინა ხანთაძემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია თავდაცვის სამინისტროში დღეს გაიმართა. დოკუმენტის თანახმად, ცენტრის წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით ითანამშრომლებენ.
თავდაცვის უწყების თანამშრომლების პროფესიული განვითარების მიზნით კონკრეტული საჭიროებები გაანალიზდება და შესაბამისი სასწავლო პროგრამები და სემინარები დაიგეგმება. თანამშრომლობის სფერო ასევე მოიცავს გამოცდილების გაზიარებასა და რეკომენდაციების შემუშავებას სამინისტროს ორგანიზაციული კულტურის გასაუმჯობესებლად. მხარეთა შეთანხმების საგანია ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების დახვეწა, ასევე, მეტი გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.