მკლავჭიდელთა ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით აქცია გამართეს პარლამენტთან ფედერაციის წევრებმა. ისინი ჯაჭვლიანს ფედერაციის თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ.
სპორტსმენები მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პროტესტის ნიშნად, უარს ამბობენ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ თავად დეპუტატი არ გადადგება მკლავჭიდელთა ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან, ისინი აქციების პერმანენტულად გამართვას გეგმავენ. დეპუტატი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ, ასევე მათი მტკიცებით, ჯაჭვლიანი არაფერს აკეთებს მკლავჭიდის განვითარებისთვის.
"8 თვის განმავლობაში ეს ადამიანი ჩემს პირად ხელფასს ითვისებდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი კარგი ასპარეზობის შედეგად, მე როგორც მრწთვნელს 30 000 ლარი დამერიცხა, მაგრამ ამ თანხიდან ჯაჭვლიანმა 23 000 თაღლითურად გამომძალა.
2015 წელს ჩვენ ვიასპარეზეთ ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიოზე, ევროპაში ჩვენი გუნდი მე-2 ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში სამეულში ვართ. პირადად ჩემს სახელზე უნდა ყოფილიყო 40 000 ლარის პრემია, მაგრამ გავიგე რომ სოსო ჯაჭვლიანმა მწვრთნელად თავისი თავი დაიწერა და ჩემი კუთვნილი პრემია მიისაკუთრა. გარდა ამისა, არსებობს უამრავი გადაცდომა, მალააზიაში მსოფლიო ჩემპონატისას ჩვენ, სასტუმროდან გამოგვიყვანა და საქართველოს ეროვნული ნაკრები პირდაპირ საროსკიპოში განათავსა. ასევე ერთ-ერთ სპორტსმენს, რომელსაც გარდაბნის გამგეობამ 1500 ლარი ჩაურიცხა 750 ლარი ჯაჭვლიანმა გამოსძალა", - განაცხადა ჭაბუკთა და ახალგაზრდულთა ნაკრების ყოფილმა მრწვთნელმა გელა ბექაურმა.
აქციის წევრების თქმით, იმ შემთხვევაში თუ სოსო ჯაჭვლიანი ფედერაციის თანამდებობას არ დატოვებს, ისინი ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ. მათი განცხადებით ნაკრები ჩემპიონატებზე და ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებს.
"ჩვენ მედლებს და თასებს შუა გზაზე დავყრით", - ამბობენ აქციის აქტივისტები.