ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართულ-ამერიკული საჩვენებელი სწავლება "დაუყოვნებელი პასუხი" დასრულდა.
იმიტირებულ სამშვიდობო ოპერაციას ჟურნალისტები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები, ასევე ამერიკელი ბრიგადის გენერლები ჯეფერსონ ბარტონი და სტივენ სალაზარი დაესწრნენ.
სამშვიდობო მისიებისთვის ქართველი სამხედროების მომზადების ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ფარგლებში სამხედრო წვრთნების ახალი ორკვირიანი ეტაპი პირობითი სახელწოდებით - "დაუყოვნებელი პასუხი" 26 ოქტომბერს დაიწყო.
აღნიშნული წვრთნა იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სამშვიდობო მისიებში მათ შორის ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციისათვის ქართველი ჯარისკაცების მომზადებას. წვრთნის ამ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალები კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისათვის საგანგებოდ ემზადებიან.
ქართველი ჯარისკაცები კონტრ-ტერორისტულ ოპერაციებს ავღანეთში, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჩაატარებენ.
"ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერია, რომ საქართველოს არმია ავღანეთის უმნიშვნელოვანეს ოპერაციაში ნებაყოფლობით მონაწილეობს", - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.
მინისტრ ბაჩო ახალაიას განცხადებით კი"ქართული მხარე აცნობიერებს, რომ ISAF -ი არის ნატოს უმთავრესი პრიორიტეტი და ყველაზე რთული ოპერაცია ალიანსის ისტორიაში".
"ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრება ჩვენი საერთო ამოცანაა და შესაბამისად, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი შესაძლებლობები ოპერაციის წარმატებით წარმართვისთვის", - აცხადებს ახალაია.