მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას ხელი არ შეეშლება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მოწმეთა დაკითხვის მიზნით, სივრცე პეკინის ქუჩაზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში განთავსდება.
,,წინა კვირას ჩვენ გვქონდა კონკურსი და 22 მოსამართლე გავამწესეთ საერთო სასამართლოების სისტემაში იმ მიზნით, რომ მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედების წესს არ შეეშალოს ხელი. მოსამართლეთა რესურსი ფაქტობრივად არსებობს სასამართლოებში. დღეს ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში კოლეგიის შექმნის შესახებ, რომელიც მიზანმიმართულად მოწმეთა დაკითხვის საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებს. რამდენიმე ორგანიზაციულ-ტექნიკური გადანაცვლება გაკეთდა. საქალაქო სასამართლოსთვის მოწმეთა დაკითხვისთვის სივრცე განთავსდება პეკინის ქუჩაზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში. ამ კანონის ამოქმედებას ხელი არ შეეშლება", - განაცხადა გვენეტაძემ.
მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 20 თებერვალს ამოქმედდება.