საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს.
ხიდაშელის განცხადებით, მიმდინარე სესიების მთავარი თემა მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეებია და ამ კონტექსტში ორი მთავარი გამოწვევა სახელდება.
„თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, პრაქტიკულად, შეთანხმებულია, რომ ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეს არის "ისლამური სახელმწიფო და რუსეთი". როდესაც კონტექსტი ასეთია, ბუნებრივია, ჩვენთვის, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ კონფერენციაზე აქტიურობა და ყველა იმ საკითხის დეტალებში წარმოჩენა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში წამყვანი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ფორუმია.
ყოველწლიურ კონფერენციაზე მიუნხენში გადაწყვეტილების მიმღები პირები და ექსპერტები, სახელმწიფო ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ექსპერტები და აკადემიკოსები იკრიბებიან.
კონფერენციის მონაწილეები გლობალური უსაფრთხოების არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია: ევროპის პასუხი ლტოლვილთა კრიზისზე, სირიაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოების წესრიგი.