,,ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა პრაქტიკულად, ყველა ქვეყანამ საქართველოს მიმართ უკიდურესად პოზიტიური განწყობა გამოხატა”, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შეჯამებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ალიანსის წევრი ქვეყნებისგან დამატებითი წინადადებები მიიღო.
ხიდაშელის განცხადებით, კომისიის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასეს და ნატო-ს წევრებმა ერთსულოვნად გამოხატეს სურვილი, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლონ.
„ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ პრაქტიკულად, ყველა ქვეყანამ ცალსახად გამოხატა უკიდურესად პოზიტიური განწყობა საქართველოს მიმართ, იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ყველა მიმართულებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. გარდა ამასა, მივიღეთ დამატებითი წინადადებები ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან, უფრო მეტი ქვეყნისგან, ვიდრე აქამდე გვქონდა. პაკეტის მხარდამჭერი დღემდე 28-ის ნაცვლად, 20 ქვეყანა იყო და დღეს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე თანხმობა კონკრეტული შემოთავაზებებით ყველა ქვეყნისგან მივიღეთ“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ, საქართველო უფრო მეტ ნატო-ს კონსულტანტს და ინსტრუქტორს უნდა ელოდოს.
ამასთან, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ქართულმა მხარემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მხარდასაჭერად სპეციალური ნდობის ფონდის შექმნის საკითხიც დასვა.
„იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ყოველ შემთხვევაში ინიციატივა ყველა მხარემ პოზიტიურად აღიქვა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ხიდაშელის განმარტებით, ნატო-საქართველო კომისიის ფორმატში რუსეთის თემაზე არ უსაუბრიათ, თუმცა სირიაში რუსეთის მოქმედებები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის საკითხი ნატო-ს მინისტერიალზე და თავდაცვის მინისტრების ვახშმის დროს განხილვის მთავარი თემა იყო.