აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ბლოგზე „DIPNOTE“ რენი სილვას სტატია გამოქვეყნდა. სტატიაში ავღანეთში საერთაშორისო მისიების შესრულების დროს დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ზრუნვის კუთხით აშშ-ის მხარდაჭერაზეა საუბარი. სტატიის თარგმანს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს:
,,ნებისმიერ დროს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებს საერთაშორისო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას სთხოვს, საქართველო მზადაა დასახმარებლად. აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარე პატარა ქვეყანა ხელს უწყობს გლობალური უსაფრთხოების დამყარებას ავღანეთსა თუ ერაყში.
საქართველო ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. 2010 წლიდან დღემდე უკვე 12 000-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში - თავდაპირველად, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებში, ამჟამად კი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ქართველი სამხედროები ავღანეთში შეზღუდვების გარეშე მსახურობენ და ყველა სახის მისიაში არიან ჩართულნი, მათ შორის პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში. 2010-დან 2014 წლამდე მათ საბრძოლო მისიები ჰელმანდის პროვინციაში ამერიკელი საზღვაო ქვეითების მხარდამხარ განახორციელეს, ამჟამად კი ქართული კონტინგენტი ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რომელიც ავღანეთში კოალიციის ყველაზე დიდ სამხედრო ბაზას წარმოადგენს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაუზოგავ ჩართულობას მსხვერპლიც მოჰყვა: ავღანეთის მისიას 31 ქართველი შეეწირა, 282 ქართველმა სამხედრომ კი სხეულის დაზიანება მიიღო.
რადგან ქართველი სამხედროები მსოფლიოს ყველაზე სახიფათო გარემოში ამერიკული კონტინგენტის მხარდამხარ ასრულებენ მისიას, აშშ ქართველ ჯარისკაცებს ბრძოლის ველიდან დაბრუნების შემდეგ დახმარებას უწევს. აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების პროგრამის ფარგლებში ჩვენ ქართულ მხარესთან ერთად ვმუშაობთ, რათა გავაძლიეროთ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებები დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის შესაბამისი მკურნალობის ჩატარების მიზნით. შესაძლებლობა მქონდა, მომენახულებინა გორის სამხედრო ჰოსპიტალი საქართველოში და უშუალოდ გავცნობოდი ჩვენი დახმარების პროგრამის მიმდინარეობას.
1998 წლიდან მოყოლებული საგარეო სამხედრო დაფინანსების (FMF) ფარგლებში საქართველოს საერთო ჯამში 220 მილიონი აშშ დოლარის დახმარება აქვს მიღებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნულ დაფინანსებას აღჭურვილობის, წვრთნებისა და მხარდაჭერისთვის იყენებს, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს შესაძლებლობა დაჭრილი მეომრების მიმართ. საგარეო სამხედრო დაფინანსებით საქართველოს შეიარაღებული ძალები შესაბამის მოთხოვნებს პასუხობს და პოსტტრავმული სტრესის მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობებს ანვითარებს. ვიზიტისას ადგილზე გავეცანი საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამით განხორციელებულ შესაძლებლობებს და დავრწმუნდი, რომ საქართველო აკმაყოფილებს ვეტერანთა მოთხოვნებს, მათ შორის პროთეზირების კუთხითაც. რადგან აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის დახმარებით საქართველოს სამედიცინო სისტემა ვითარდება, საქართველოს მთავრობა გეგმავს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადოს ამ სფეროში ახალი ორგანიზაციის დაარსებით, რომელიც ქართველი ვეტერანების ზრუნვაზე იქნება ორიენტირებული.
დაშავებული სამხედროების ზრუნვის მიმართულებით ჩვენი დახმარება საქართველოსადმი ორ ქვეყანას შორის სოლიდარობის ნათელი გამოხატულებაა ბრძოლის ველიდან მოშორებით. საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამა საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს დაშავებული მეომრების გრძელვადიანი სამედიცინო ზრუნვისთვის. ამ მიდგომით კიდევ უფრო ძლიერდება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებული ძალების, როგორც ძლიერი პარტნიორის მხარდაჭერით და იქმნება მოდელი სხვა ქვეყნებისთვისაც”.