საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართავს შეხვედრას. დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის. თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში, ორმხრივ ფორმატში, უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება.
„მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ტარდება თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში. როგორც გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, თავდაცვის მინისტერიალი დასრულდება, სწორედ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ინიციატივებს, რომლითაც ბრიუსელში ჩამოვედით, ერთობლივად მოიწონებს და მხარს დაუჭერს 28 სახელმწიფო. გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა ჩემს კოლეგებთან - ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებთან და გვაქვს შეხვედრა გენერალურ მდივანთან ყველა იმ პრაქტიკული წინადადებების მოსამზადებლად, რომელზე მუშაობასაც ხვალინდელი კომისიის შემდეგ გეგმავს საქართველო,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.