საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მსჯავრდებულ გ.ვ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, 5 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში, შეხვდნენ და ესაუბრნენ მსჯავრდებულ გ.ვ–ს.
"მსჯავრდებულის განმარტებით, პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულების ხუთმა თანამშრომლებმა, რომელთა ამოცნობა შეუძლია, 2016 წლის 3 და 5 თებერვალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დათვალიერების დროს მსჯავრდებულის სხეულზე აღენიშნება დაზიანებები ზურგის, წელის და მარცხენა მხარის მიდამოში. მსჯავრდებულს აქვს მარჯვენა ქვედა კიდურის პირველი თითის ზედაპირული დაზიანება და მისივე გადმოცემით, თავის არეში გრძნობს ძლიერ ტკივილს. ტრავმებისა და დაზიანებების აღრიცხვის ჟურნალში დაზიანების წარმომავლობაზე მითითებულია თვითდაზიანება, რასაც მსჯავრდებული არ ეთანხმება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს და დაუშვებელია მისი შეზღუდვა ნებისმიერი მიზნით, ასევე, მისი გამართლება რომელიმე გარემოებითა თუ დანაშაულის სიმძიმის მოტივით. სახელმწიფო ვალდებულია გამოიძიოს მოცემული ფაქტი, როგორც ყველა მსგავსი შემთხვევა და გამოავლინოს დამნაშავე", - ნათქვამია განცხადებაში.